სამშაბათს გაიმართება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა. უშიშროების საბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ სხდომაზე განიხილავენ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ავღანეთში ქართველ სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმას და ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებას და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოებას. საბჭოს სხდომა 11 ივნისს 18 საათზე პრეზიდენტის სასახლეში იმართება. ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისში იმყოფება ორშაბათს და სამშაბათს და უშიშროების საბჭოს სხდომის ზუსტი თარიღის გამოცხადების შემდეგ მიიღებს სხდომაზე დასწრების, ან არდასწრების გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ 9 ივნისს განაცხადა, რომ ავღანეთში ქართველ სამხედროებზე თავდასხმის და მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელების გამო პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს და მზად არის მისი და პრემიერ-მინისტრის აპარატების შეთანხმებით სხდომა დანიშნოს ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს.
ყველაზე პოპულარული
1