Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დელეგაცია განაგრძობს აშშ-ში ვიზიტს


აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავარი პროკურორი და პარლამენტის წევრები. ისინი ვაშინგტონში შეხვდნენ სენატორებსა და კონგრესმენებს, მათ შორის რონ ჯონსონს, ტედ ტერნერს, ჯონ მაკკეინს და მარკო რუბიოს და საქართველოში არსებულ ვითარებასა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ესაუბრნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, სენატსა და კონგრესში შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს 2014 წლის სამიტია. ხიდაშელის ინფორმაციით, კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრისას საუბარი იყო ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტისთვის მისი ინიციატივით ახლახან მომზადებულ კრიტიკულ ჩანაწერზეც. "შევთანხმდით, რომ პრობლემა იყო კომუნიკაცია, რომელიც გარკვეულ მომენტში ორივე მხარეს შეგვექმნა, მაგრამ ამ მიმართულებით პრობლემას აღარ ველოდებით და საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა მისი სტრატეგიული პარტნიორისგან", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, საქართველოს სულ უფრო მეტი მეგობარი ჰყავს აშშ-ის სენატსა და კონგრესში. ვაშინგტონში ვიზიტისას საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვდნენ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს და შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG