Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მეტი ძალაუფლება ხალხს“


საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის პროექტი, რომელიც თვითმმართველობის ტერიტორიულ ოპტიმიზაციას ეტაპობრივ, რამდენიმეწლიან, პროცესად განიხილავს. ადგილობრივი თითმმართველობის კოდექსის პროექტის თავდაპირველ რეგულაციებთან დაკავშირებული კრიტიკის ფონზე, კანონპროექტი მინიმალურ მიდგომებს აწესებს - კერძოდ, ამცირებს თვითმმართველი ქალაქების რაოდენობას და უარს ამბობს შექმნას რეგიონალურ დონეზე კოლეგიური საბჭოები.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტისა და მის თანმდევ კანონპროექტებში შეტანილი ცვლილებების მოსმენამ საქართველოს პარლამენტში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა - ამას განაპირობებდა, ერთი მხრივ, ის, რომ კანონპროექტი პირველი მოსმენისთვის უკვე ასახავდა მისით დაინტერესებული საზოგადოებისა თუ არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, მეორე მხრივ კი, ის, რომ კანონპროექტის პლენარული განხილვა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო უმცირესობის გარეშე დაიწყო.

ის, თუ, საბოლოოდ, რა პრინციპული განსხვავებაა კანონპროექტის პირველად და პირველი მოსმენისთვის შესწორებულ ვარიანტებს შორის, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა შემდეგნაირად განმარტა:

“პირველი ეს არის, რომ ქალაქების რაოდენობა შემცირდა, რადგან 15 000-ს ზემოთ ქალაქების რაოდენობა დაახლოებით 13 იყო, ხოლო დღეს შემოთავაზებულ კანონპროექტში პირდაპირ არის ჩამონათვალი ამ ქალაქების და ეს არის 7 ქალაქი. ამოღებული იქნა საზოგადოების მონაწილეობის ინსტრუმენტები - საზოგადოებრივი საბჭოები და თბილისში საუბნო საბჭოები. მესამე, ის კარი, რომელიც დაკავშირებული იყო მუნიციპალიტეტთა რეგიონალურ გაერთიანებასთან, თავის მხრივ, კოდექსის კარმაც შეიცვალა სათაური და შემცირდა და, ფაქტობრივად, გადამუშავდა ეს კარი და, ფაქტობრივად, ახალი შინაარსი დევს იქ. ეს არის სამხარეო საკონსულტაციო საბჭო და შემოთავაზებულია ამ მოდელით ეს“.

იყო თუ არა ამის აუცილებლობა? - რასაკვირველია, იყო. ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, ყველა დაბაში ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არა მარტო პასუხისმგებელნი არიან სახელმწიფოს შემდგომ განვითარებაზე, სტაბილურობაზე, თავის საკუთარ და თავისი მეზობლის კეთილდღეობაზე...
გიორგი ვოლსკი
თენგიზ შერგელაშვილმა დააზუსტა, რომ ამ შემთხვევაში 2 ძირითად მიდგომაზეა საუბარი. კერძოდ, სახელმწიფო რწმუნებული გარკვეული ფუნქციებითა და კომპეტენციებით რჩება ერთპიროვნულ მმართველად, თუმცა, მეორე მხრივ, მასთან იქმნება საკონსულტაციო საბჭო, რათა გუბერნატორი თავის სამოქმედო არეალში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსაც დაეკითხოს. თენგიზ შერგელაშვილის თქმითვე, საკომიტეტო მოსმენებზე გამოთქმული კიდევ სხვა არაერთი შენიშვნა აისახა კანონპროექტში, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფმა დეპუტატებმა ძირითადად პოზიტიურად შეაფასეს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, გიორგი ვოლსკის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი სახელმწიფო მართვის ისეთ მოდელს ქმნის, რომელსაც შეიძლება ეწოდოს განზოგადებული სახელი - „მეტი ძალაუფლება ხალხს“:

“იყო თუ არა ამის აუცილებლობა? - რასაკვირველია, იყო. ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, ყველა დაბაში ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არა მარტო პასუხისმგებელნი არიან სახელმწიფოს შემდგომ განვითარებაზე, სტაბილურობაზე, თავის საკუთარ და თავისი მეზობლის კეთილდღეობაზე, არამედ ამისათვის გააჩნიათ ის ადგილი, ის მუნიციპალური ორგანო, რომელთანაც მივლენ, საკითხებს დააყენებენ და თავადვე აირჩევენ მათივე წინაშე პასუხისმგებელ გამგებელს, საკრებულოს, პასუხს მოსთხოვენ და გზას მნიშვნელოვნად შეიმცირებენ ცენტრალური ორგანოებისაკენ“.

თვითმმართველობის რეფორმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების თანახმად, კოალიციის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების ნაწილია. „რესპუბლიკელების“ სახელით, დავით ბერძენიშვილმა განსაკუთრებულად გამოყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის როლი:

სამწუხაროდ, ის კომპრომისული ვარიანტიც ბოლომდე არ გავიდა, თუმცა ჩაიდო მუხლები, შესაბამისი მუხლები, რომ ეს შემდგომში უნდა განვითარდეს. აქ არსებობს ძალზე მარტივი საფრთხე...
დავით ლოსაბერიძე
“თვითმმართველობის რეფორმა, ეს პაკეტი, კიდევ უფრო სამომავლოდ, ინიციატივები ამ მიმართულებით - ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა. ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ იყო ჩართული და ხელმძღვანელობდა ჯერ კიდევ საარჩევნო პროგრამის მომზადების პროცესში ამ თემებზე ჩვენი პოზიციების ჩამოყალიბებას. შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის დროს, ის, როგორც კოალიციის ლიდერი, უშუალოდ ხელმძღვანელობდა და მისი ხელმოწერით არის მთავრობიდან შემოტანილი პარლამენტში.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გაიმართა, ცალკეულმა დეპუტატებმა - მათ შორის, გიორგი ვაშაძემ - საგანგებო პრესკონფერენციებზე მაინც გამოხატეს პროექტის ცალკეული დებულებებით უკმაყოფილება. გიორგი ვაშაძემ, მაგალითად, აღნიშნა ფინანსური დეცენტრალიზაციის დეფიციტი, თვითმმართველი ქალაქების ირგვლივ სოფლების პატარა მუნიციპელიტეტებად დაშლის არამიზანშეწონილობა და სხვ. „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის კოდექსის პროექტის შერბილების გამო გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთმა ნაწილმა. განცხადებას 45 ორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორის, „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი“. ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე არ გამორიცხავს, რომ არსებული კომპრომისული ვარიანტი კიდევ უფრო შეიზღუდოს:

“სამწუხაროდ, ის კომპრომისული ვარიანტიც ბოლომდე არ გავიდა, თუმცა ჩაიდო მუხლები, შესაბამისი მუხლები, რომ ეს შემდგომში უნდა განვითარდეს. აქ არსებობს ძალზე მარტივი საფრთხე. ხელისუფლებას შეუძლია მიიღოს, ვთქვათ, რაღაც კანონი, მერე კანონქვემდებარე აქტებით განახორციელოს საკითხი ისე, რომ, საბოლოოდ, არარად აქციოს ეს მიღებული კანონი. მხოლოდ ფორმალური სახე დაუტოვოს“.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კანონპროექტში განხორციელებული ცვლილებების მთავარი მიზეზი იყო საქართველოს პატრიარქისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ კოდექსის პროექტი ქვეყანაში სეპარატიზმის გაღვივების საფრთხეს შეიცავდა. განცხადების ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ ეფემერული საფრთხეების შექმნის ბრალდების გამო გამარტივებული კოდექსი უკვე არსებულ ცენტრალზებულ სისტემას გაამყარებს.
XS
SM
MD
LG