Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სავიზო რეჟიმი ჯერ მხოლოდ მძღოლებისთვის გაამარტივა


ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი
ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი
რუსეთის ფედერაცია სავიზო რეჟიმს ჯერ მხოლოდ გადამზიდავებისთვის ამარტივებს. სახმელეთო ტრანსპორტის მძღოლებისთვის რუსეთის საზღვრის გადასალახავად მრავალჯერადი ვიზის აღება არცთუ იაფი, მაგრამ შედარებით სწრაფად და იოლად მოსაპოვებელი გახდება. რამდენად წაადგება ამგვარი პერსპექტივა საქართველოს ეკონომიკას და რა მიზნები შეიძლება იდგეს რუსეთის ამგვარი გადაწყვეტილების უკან?

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი გადამზიდავები რუსეთის ვიზების აღებას ”პრიორიტეტულ რეჟიმში” - წინასწარი ჩაწერის გარეშე - შეძლებენ. მრავალჯერადი საქმიანი ვიზის აღება 10 სამუშაო დღეში 160 დოლარი ეღირება, ხოლო დაჩქარებულ რეჟიმში, ანუ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ვიზის საფასური 310 დოლარი იქნება. ვიზების გამარტივებასთან
მნიშვნელოვანია ეს ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის ზრდის მიმართულებით - იქიდან გამომდინარე, რომ სახმელეთო ტრანსპორტი არის უფრო ხელმისაწვდომი და, შესაბამისად, გაიზრდება ტვირთბრუნვაც, თვითღირებულების შემცირების ხარჯზე...
ნათია მიქელაძე
დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც საქართველოს რუსეთმა შუამავალი ქვეყნის - შვეიცარიის - დახმარებით შემოუთვალა, მედიის წარმომადგენლებს 3 იანვარს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიაწოდა. როგორც ნათია მიქელაძემ აღნიშნა, ეს მეტად მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის და საქართველოს ეკონომიკასაც წაადგება:

”კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მეწარმე გადამზიდავების დასაქმებას სატვირთო და სამგზავრო გადაყვანა-გადაზიდვების სფეროში. მნიშვნელოვანია ეს ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის ზრდის მიმართულებით - იქიდან გამომდინარე, რომ სახმელეთო ტრანსპორტი არის უფრო ხელმისაწვდომი და, შესაბამისად, გაიზრდება ტვირთბრუნვაც, თვითღირებულების შემცირების ხარჯზე”.

მართალია, რუსეთმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და სავიზო რეჟიმის გამარტივება ამ წლიდან ამოქმედდება, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დეტალები პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. განმარტება აუცილებლად გასავლელი პროცედურების შესახებ უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებსაიტზე.

ამ ვებსაიტზე ამჟამად გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რუსეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო მიმოსვლა 2006 წლის 2 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის ინიციატივით შეწყდა და მისი აღდგენის მიზნით კონსულტაციები რუსეთის მხარესთან 2012 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესმა პირველი შედეგი 2012 წლის ბოლოს გამოიღო და ”რუსეთის ფედერაციიდან გადმოგზავნილი იქნა საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვის კვოტირებული ნებართვის ბლანკები (1000 ერთეული)“. ამ ეტაპისთვის განახლებულია რეგულარული საავტობუსო მიმოსვლა და ”ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2014 წელს მხარეებს შორის გასაცვლელი ნებართვების რაოდენობის შეთანხმების თაობაზე”. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე, რომელიც 2013 წლის 6-7 აგვისტოს მოსკოვში გაიმართა, ქართულმა მხარემ პრინციპულად დასვა საკითხი ქართველი გადამზიდავებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემასთან დაკავშირებით, რაზეც მზადყოფნა გამოხატა რუსეთის მხარემ.

სატრანზიტო ქვეყნისთვის - საქართველოსთვის - გადაზიდვების სფეროში ნებისმიერი სახის მარწუხის მოხსნასა და პროცედურების გამარტივებას მიესალმება ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევისა და კონსულტაციის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი, თუმცა ის რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ახლო მომავალში უპერსპექტივოდ მიიჩნევს. როგორც მან უთხრა 3 იანვარს რადიო თავისუფლებას, საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილე ჰმართებთ, რადგანაც ქვეყნის დაახლოება ევროკავშირთან რუსეთის განსაკუთრებულ, აშკარა გაღიზიანებას იწვევს:

”ამას სერიოზული ეკონომიკური ეფექტი არ და ვერ ექნება ბევრი მიზეზის გამო და ასევე, მე მგონია, რომ ჩვენ თვითონაც - საქართველოს მოქალაქეებმა - არ უნდა ვცადოთ განსაკუთრებული ინტეგრირება და განსაკუთრებული მიბმა რუსეთის ეკონომიკაზე ამ წელს, რადგან ეს ჩვენ რაღაც შემთხვევაში შეიძლება მოგვიბრუნდეს ცუდადაც კი, თუკი რუსეთი გამოიყენებს ბერკეტებს. ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ უფრო
გიორგი აბაშიშვილი
გიორგი აბაშიშვილი
მობილურები და მოქნილები, რადგანაც რუსეთს ეს ახასიათებს და, თან, ახლა ყველაზე უფრო რისკიანი წელი დადგა საქართველოსთვის - სოჭის ოლიმპიადის შემდეგ მე ველოდები პრობლემებს რუსეთის მხრიდან ძირითადად ეკონომიკაში”.

გადამზიდავებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებამდე, მოსკოვმა გასული წლის ბოლოს მინიშნებები გააკეთა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მთლიანად გაუქმების პერსპექტივებზეც. რუსეთის მიერ დემონსტრირებული შერბილებული პოლიტიკა ძალიან ბევრმა ანალიტიკოსმა დაუკავშირა ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებასა და პროცესების დაჩქარებას ამ შეთანხმების ხელმოწერისთვის.

როგორც „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთი ასეთი დამთმობი ნაბიჯებით ცდილობს შექმნას სარგებელი, რომლის წართმევაც მისთვის სამომავლოდ ხელსაყრელი სადამსჯელო ბერკეტი იქნება, თუკი საქართველო აქტიურად გააგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG