Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუროკრატია საქართველოში და მისი საზღვრები


ლუდვიგ ფონ მიზესის წიგნის - "ბიუროკრატიის" - პრეზენტაცია
ლუდვიგ ფონ მიზესის წიგნის - "ბიუროკრატიის" - პრეზენტაცია
მიმდინარე წლის ბიუჯეტის მიხედვით, გაზრდილია სახელმწიფო მოხელეთა ჯამაგირისთვის განსაზღვრული ხარჯები და ასევე ახალი სახსრებია გათვალისწინებული ახალი საშტატო ერთეულების დასაფინანსებლად. ბიუჯეტის ამგვარი ცვლილება და მთავრობის მიერ ახალი სააგენტოების შექმნა თუ ახალი რეგულაციების დაწესება ბიუროკრატიის ზრდის ტენდენციაზე მიანიშნებს.

საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების თანახმად, დაწესდა ახალი რეგულაციები და მარეგულირებელი ორგანოები. მათ შორის ერთ-ერთია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო. ამ უწყების საქმიანობის მიუხედავად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბათუმში სწრაფი კვების ობიექტის პროდუქციით მომხმარებელთა მოწამვლის არაერთი შემთხვევა აღინიშნა, თბილისში კი სურსათის სააგენტოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი კორუფციული გარიგების გამო დააკავეს. მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს კვლავაც ახალი ბიუროკრატიული ბარიერები და ორგანოები ჩამოაყალიბოს.

მთავრობის ამ განზრახვის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი იურისტი ზაზა ბიბილაშვილი, რომელიც საზოგადოებას, პუბლიცისტური სტატიების გარდა, ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამთა კრებულის გამოცემით დაამახსოვრდა:

დღე არ გავა, სამწუხაროდ, რომ ახალ რეგულირებაზე არ იყოს საუბარი, ახალი სააგენტო, ახალი დაწესებულება არ შეიქმნას, რომელიც გამოდის პრეტენზიით, რომ მას შეუძლია ეკონომიკის წახალისება, აყვავება და ვიღაცისთვის ჭკუის დარიგება...
პაატა შეშელიძე
”ჩვენ გვქონდა ზერეგულირებული გარემო ადრე, ჯერ კიდევ მოყოლებული საბჭოთა კავშირის დროიდან, როდესაც ყველა სფეროს რეგულირება ხდებოდა, რაც რეალურად ნიშნავდა, მაგალითად, არა ხარისხის კონტროლს, არა რომელიმე სფეროს დახვეწას ან წინსვლას, არამედ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ კორუფცია. დღესაც იგივესთან გვაქვს შეხება”.

ეს და კიდევ სხვა ბევრი მოსაზრება გამოითქვა რეგულაციებისა და ბიუროკრატიის შესახებ 14 თებერვალს მაღაზია "სანტა ესპერანსაში" ლუდვიგ ფონ მიზესის წიგნის - "ბიუროკრატიის" - პრეზენტაციაზე. ეკონომიკის ავსტრიული სკოლის ლიდერის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი ქართულ ენაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა. წიგნის მომზადებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე.

პაატა შეშელიძე
პაატა შეშელიძე
”მიზესი ამბობს ძალიან მარტივ რაღაცას: ბიუროკრატია, თავისთავად, პრობლემა არ არის, მაგრამ ბიუროკრატიული მართვის მეთოდების გამოყენება ეკონომიკის მართვაში არის დამღუპველი. ანუ არ შეიძლება ცენტრალური კომიტეტით იმართოს ეკონომიკა, ადამიანის ინტერესები, პირადი ცხოვრება - აი, ამაზეა ეს წიგნი, სინამდვილეში. ჩვენ დღევანდელობასთან უნდა გავავლოთ პარალელი. დღე არ გავა, სამწუხაროდ, რომ ახალ რეგულირებაზე არ იყოს საუბარი, ახალი სააგენტო, ახალი დაწესებულება არ შეიქმნას, რომელიც გამოდის პრეტენზიით, რომ მას შეუძლია ეკონომიკის წახალისება, აყვავება და ვიღაცისთვის ჭკუის დარიგება”.

ბიუროკრატია ძალიან მოუქნელია თავისი არსით, იმიტომ რომ, როგორც წესი, ბიუროკრატიას უჭირს გადაწყვეტილებების სწრაფად და მყისიერად მიღება, ვიდრე ამას ახდენენ კერძო კომპანიები, რომლებიც მოქმედებენ საბაზრო პრინციპებით...
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მიზესის წიგნი პირველად 1944 წელს იელის უნივერსიტეტმა გამოსცა და მას შემდეგ აქტუალურობა არ დაუკარგავს სპეციალისტებსა და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა შორის.

”ბიუროკრატიის” ავტორის მიზანია გვიჩვენოს, რომ ბიუროკრატიის ნეგატიური ასპექტები კორუფციის ან ცუდი პოლიტიკის შედეგი კი არ არის, არამედ იმ ამოცანებისა, რომლებიც ბიუროკრატიულ სტრუქტურებს აქვთ გადასაჭრელი. ამის შესახებ საუბრობს ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. მას ბიუროკრატიულ მანქანასთან შეხება ჰქონდა სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც შრომის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრად მუშაობდა:

”ბიუროკრატია ძალიან მოუქნელია თავისი არსით, იმიტომ რომ, როგორც წესი, ბიუროკრატიას უჭირს გადაწყვეტილებების სწრაფად და მყისიერად მიღება, ვიდრე ამას ახდენენ კერძო კომპანიები, რომლებიც მოქმედებენ საბაზრო პრინციპებით. და, მით უმეტეს, რაც უფრო დიდია ბიუროკრატია და მრავალსაფეხურიანი, მით უფრო რთულდება ბიუროკრატიის სწრაფი რეაგირება ცხოვრებისეულ პრობლემებზე. ამიტომ ნაკლები ბიუროკრატია არის მთავარი პრინციპი, რომელიც არის აუცილებელი და საჭირო”.

ლუდვიგ ფონ მიზესის "ბიუროკრატია"
ლუდვიგ ფონ მიზესის "ბიუროკრატია"
ამ პრინციპის დამკვიდრებას ის პოლიტიკური ძალა ცდილობდა, რომელსაც ზურაბ ჭიაბერაშვილი წარმოადგენს. ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში საქართველოში შემცირდა როგორც მარეგულირებელი ორგანოების რაოდენობა, ასევე რეგულაციები, გამარტივდა ბიზნესის წარმოება და საქართველო კორუფციასთან ბრძოლის თვალსაჩინო მაგალითად იქცა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამას თან ახლდა სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად შენელდა. ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, ეკონომიკის კვლავ გამოცოცხლება შესაძლებელი იქნება ბიუროკრატიისგან მეტი თავისუფლების პირობებში:

”სრული თავისუფლების პირობებში მივიღეთ ძალიან მაღალი დონის სტომატოლოგიური კლინიკები საქართველოში, რომლებიც იმის გარეშეც, რომ არ იყვნენ რეგულირების ქვეშ, სამედიცინო უსაფრთხოების ძალიან მაღალ სტანდარტებს მაინც აკმაყოფილებენ. დღეს მათ უდგინდებათ რეგულაციები. ეს შედეგად ერთადერთ რამეს მოიტანს - გაძვირებულ ფასებს სტომატოლოგიურ კლინიკებში. ეს ძალიან მარტივი მაგალითია იმისა, რომ ბიუროკრატიული ბარიერები აუცილებლად აძვირებს ცხოვრებას”.

სახელდება ეკონომიკაში ბიუროკრატიის ჩარევის სხვა მაგალითებიც, ისეთები, როგორიცაა ავტომობილების ტექდათვალიერება, ანტიმონოპოლიური სამსახურის მუშაობა და სხვა.

”ბიუროკრატია ბუნებით არის უპასუხისმგებლო არა იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო ხალხია, არამედ ბუნებით არის ასეთი. კერძო ადამიანის მოტივაცია არის პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრას, ხოლო ბიუროკრატი თუ სწრაფად აღმოფხვრის პრობლემას, რომლისთვისაც ის არის დანიშნული [თანამდებობაზე], მისი ფუნქცია იქვე დამთავრდება“, - ამბობს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე. მისი აზრით, ქვეყნის ცხოვრებაში ბიუროკრატიის როლი მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი, რათა ეკონომიკის სწრაფი ზრდა მოხერხდეს.
XS
SM
MD
LG