Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაბიჯ-ნაბიჯ გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო


საქართველოს ხელისუფლებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან საარჩევნო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, თუმცა მმართველი პარტია აპირებს გაიზიაროს ოპოზიციის წინადადება, მერებისა და გამგებლების ასარჩევად შემოღებული იქნეს 50 პროცენტიანი ბარიერი. არასაპარლამენტო ოპოზიცია ასევე ითხოვს მრავალმანდატიანი ოლქების შემოღებას და ეწინააღმდეგება ხელისუფლების ინიციატივას, რომლის დამტკიცების შემთხვევაში მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს აღარ ექნებათ უფლება საკრებულოს დეპუტატებად იყარონ კენჭი. ამ და სხვა საკითხების შესათანხმებლად სპეციალურად შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები კონსულტაციებს პარლამენტის თავმჯდომარესთან გადიან. რა უშლის ხელს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის თანახმად, ისევე როგორც თვითმმართველი ქალაქების მერები, მუნიციპალიტეტების გამგებლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით პირდაპირი გზით 50%-იანი ბარიერით უნდა იქნენ არჩეული. ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება მისმა პერსსამსახურმა 17 თებერვალს გაავრცელა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ კოალიციის ლიდერი ბარიერის 40 და 30 პროცენტამდე გაზრდას სჯერდებოდა.

როგორც ჩანს, კონსულტაციამ შედეგი გამოიღო, თუმცა, როგორც „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ჩახვაძე, ამბობს, ინტერფრაქციულ ჯგუფში შემავალი პარტიებისათვის ასევე მნიშვნელოვანია სხვა ცვლილებებიც, რომელთა მიღების გარეშე შეუძლებელი იქნება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება:

დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი, რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს, როცა არჩევნების შედეგების შეჯამება ხდება. ასევე ბიომეტრიული წესით ხმის მიცემა და ამომრჩევლის რეგისტრაცია. ასევე საუბარია, სარეკლამო დროზე. აქაც შეზღუდულია სხვა პარტიების მონაწილეობა...
გურამ ჩახვაძე
„პასუხი და კეთილი ნება ვერ მივიღეთ უმრავლესობის მხრიდან! კანონპროექტი ისე მომზადდა და ისე შევიდა პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფიდან, რომ ჩვენი და არასამთავრობო ორგანიზაციების არც ერთი შენიშვნა არ იქნა გათვალისწინებული“.

გურამ ჩახვაძის თქმით, მმართველმა კოალიციამ არ გაიზიარა ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების ინიციატივა, ისევე როგორც გვერდი აუარა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესის შეცვლასა და სარეკლამო დროის განაწილების წესს.

„დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი, რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს, როცა არჩევნების შედეგების შეჯამება ხდება. ასევე ბიომეტრიული წესით ხმის მიცემა და ამომრჩევლის რეგისტრაცია. ასევე საუბარია, სარეკლამო დროზე. აქაც შეზღუდულია სხვა პარტიების მონაწილეობა. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ არსებული სიტუაცია არ არის თანაბარკონკურენტული, რაც, ბუნებრივია, პრობლემას უქმნის მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას ქვეყანაში“, უთხრა გურამ ჩახვაძემ რადიოთ ავისუფლებას.

არასაპარლამენტო ოპოზიციას ასევე არ მოსწონს მმართველი კოალიციის კონტრინიციატივები, მათ შორის, 3 პროცენტიანი ბარერის გადამლახავი პარტიებისათვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარის კომპენსაციის დაწესება. პარტია „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას კომენტარი:

„არვინ აპირებს 3 პროცენტის აღებას. ჩვენ გვინდა ავიღოთ 51 პროცენტი, გვინდა მოვიგოთ არჩევნები თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ასევე ვგეგმავთ სრულად გავაქროთ პოლიტიკური ასპარეზიდან „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, ამისათვის გვჭირდება საარჩევნო სუბიექტებს თითო წარმომადგენელი მაინც საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვჭირდება უფასო სარეკლამო ლიმიტი იმ ოდენობით, რამდენიც აქვთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ასევე გვჭირდება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა და სიების გაწმენდა მკვდარი სულებისაგან“.

„შევეცდებით მაქსიმალურად ჩავაყენოთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საქმის კურსში, თუ რამდენად საერთო პოლიტიკური კონსენსუსის პროდუქტია ის კოდექსი და გარემო, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს არჩევნები საქართველოში. საქმის კურსში ჩავაყენებთ ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიას...
მამუკა კაციტაძე
რაც შეეხება მმართველი კოალიციის ინიციატივას, მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს შეეზღუდოთ უფლება კენჭი იყარონ საკრებულოს დეპუტატებად, როგორც ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი, ამბობს, ასეთი ცვლილების მიღება ოპოზიციურ პარტიებს კონკურენტუნარიანი კანდიდატების გარეშე დატოვებს. მმართველი კოალიცია ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საარჩევნო გარემო თვალშისაცემად გაუმჯობესდა.

ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ყოველივე ეს არ კმარა. „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლის მამუკა კაციტაძის თქმით კი, არასაპარლამენტო ოპოზიცია აპირებს ბოლომდე იბრძოლოს ვითარების შესაცვლელად, მით უფრო, რომ ამ ბრძოლაში მოკავშირედ საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციების ეგულვის.

„შევეცდებით მაქსიმალურად ჩავაყენოთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საქმის კურსში, თუ რამდენად საერთო პოლიტიკური კონსენსუსის პროდუქტია ის კოდექსი და გარემო, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს არჩევნები საქართველოში. საქმის კურსში ჩავაყენებთ ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიას. აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში ეუთოს, რომელიც მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ეს ყველაფერი კი აშკარად ვერ შემატებს ნდობასა და ლეგიტიმაციას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში“, უთხრა მამუკა კაციტაძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG