Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ


უკრაინის მიმართ პუტინის აგრესიულ ქმედებას მთელ მსოფლიოში აანალიზებენ და ცდილობენ გაარკვიონ, ეს რუსეთის პრეზიდენტის გათვლილი ნაბიჯებია თუ მისი, მართლაც, როგორც არაერთი ფიქრობს, ფსიქიკური გაუწონასწორებლობის შედეგი.

როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ იტყობინებოდა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერი სხვა სამყაროში ცხოვრობს, ანუ მან რეალობის გრძნობა დაკარგა. სხვა არაერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ პუტინი ჭკუიდან გადადგა. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის მოქმედება, მისი არაერთი ნაბიჯი, სულ მცირე, ბოლო ათ წელიწადში გადადგმული, იმას ადასტურებს, რომ მისთვის ამგვარი მოქმედება ჩვეულებრივია და რომ ნაბიჯებს, როგორსაც ახლა დგამს უკრაინის მიმართ, უფრო გულცივი გათვლა განსაზღვრავს, ვიდრე სიგიჟე. ბრიუსელის კარნეგის ფონდის დირექტორი იან ტეხაუ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოგება-წაგების იმგვარ გათვლას ეყრდნობა, როგორიც დასავლელი პოლიტიკოსებისთვის უცხოა. პუტინი, მისი აზრით, დასავლეთისკენ უკრაინის სვლას რუსეთისთვის საფრთხედ მიიჩნევს და ამიტომაც მზადაა ამ საფრთხის თვიდან ასაცილებლად ძალიან დიდი
რუსეთის ელიტა თეორიულად უკიდურესად მგრძნობიარეა ევროკავშირის ნებისმიერი ქმედების მიმართ, თუ მას ან საგადასახადო სამოთხეებს წაართმევენ, ან სავიზო რეჟიმს დაუწესებენ, ან საბანკო აქტივებს გაუყინავენ... მაგრამ პუტინი სრულიად დარწმუნებულია, რომ ევროპის კავშირი ამის გაკეთებას არ აპირებს...
ბენ ჯუდა
პოლიტიკური და ეკონომიკური საფასური გაიღოს. ტეხაუს დაკვირვებით, პუტინი ამზადებს ნიადაგს იმისათვის, რომ მომავალში ყოველთვის შეძლოს ასე მოქმედება. აშშ-ის დიპლომატების მიერ 2006 წელს კიევიდან გაგზავნილ წერილში, რომელიც ვიკილიკსმა გამოაქვეყნა, რუსეთს ბრალად სდებენ ყირიმის დესტაბილიზაციის მზადებას, რათა დაასუსტოს უკრაინა და ეს ქვეყანა არ დაუახლოვდეს ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებს. წერილის ავტორის თანახმად, ეს გეგმა მუშავდება 2004 წლიდან, ნარინჯისფერი რევოლუციიდან მოყოლებული, დღემდე. პუბლიცისტი ბენ ჯუდა ავტორია წიგნისა „მყიფე იმპერია, როგორ უყვარდათ და აღარ უყვართ პუტინი რუსეთში“.

„ბოლო კვირების განმავლობაში პუტინისთვის გადამწყვეტი იყო, უკრაინის მომავლის განსაზღვრაში რუსეთისთვის ვეტოს უფლება მოეპოვებინა. იმ მომენტიდან, როცა რუსეთი სავაჭრო ომით დაემუქრა კიევს, თუკი იანუკოვიჩი ხელს მოაწერდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ყირიმში შეჭრის გადაწყვეტილებამდე, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ უკრაინა დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავს თავის ბედს“, – ამბობს ბენ ჯუდა.

პუტინს, გეოპოლიტიკურ მიზნებთან ერთად, აქვს შიდაპოლიტიკური სურვილებიც, ფიქრობენ მიმომხილველები, რომელთა შორისაა ლეონიდ გოზმანი, რუსი ოპოზიციონერი. ყირიმში რუსეთის ჯარის შეყვანა ისეთივე ნაბიჯია, როგორიც ნაცისტურმა გერმანიამ გადადგა ავსტრიის მიმართ 1938 წელს, როცა ავსტრია-უნგრეთის ნაშთი შეიერთაო, ამბობს ის და გვარწმუნებს, რომ პუტინს საზღვარგარეთ „მტრების“ შეძენა ქვეყნის შიგნით ავტორიტეტის გაძლიერებაში ეხმარება:

„რა მდგომარეობაშია ვლადიმირ პუტინი? მას დიდი პრობლემა აქვს ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რასაც ის მიხვდა 2011 წელს, დუმის არჩევნების წინ, როცა მას მოსკოვში, ოლიმპიურ სტადიონზე, სტვენა აუტეხეს. ის ჭკვიანი კაცია და მიხვდა, რომ მისი ქარიზმა შესუსტდა. ასე ხდება ხოლმე: ის უყვარდათ რუსეთში, ახლა კი აღარ უყვართ. თავისი ლეგიტიმურობისთვის მას რაღაც ახალი საფუძველი სჭირდება, ლეგიტიმურობის ახალი საფუძველი კი გამარჯვებაა“.

გოზმანის მსგავსად ფიქრობენ სხვა მიმომხილველებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უკრაინაში ავტორიტარული რეჟიმის დამხობა პუტინისთვის სახიფათო პრეცედენტია. რუსი პოლიტოლოგი ევგენი იხლოვიც მათ რიგშია:

„რატომ გააკეთა ეს პუტინმა? იმიტომ, რომ დემოკრატიული რევოლუციის მაგალითი აქვს მეზობელ უკრაინაში, სადაც დაიწყება ლუსტრაცია, კორუფციის გამოვლენა, თავისუფალი არჩევნები. ეს იქნებოდა ის მაგალითი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ხალხს დაანახვებდა, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს ჩვეულებრივი ამბავი“.

პუტინის მოტივაციას რომ თავი დავანებოთ, მის ამ ქმედებას რით უპასუხებს დასავლეთი? რუსმა ისტორიკოსმა, პოლიტიკურმა კომენტატორმა ვალერი სოლოვეიმ ფეისბუკის გზით 3 მარტს გაავრცელა ცნობა, მისი თქმით, „შესანიშნავად ინფორმირებულ“ წყაროზე დაყრდნობით, რომ ყირიმში ჯარის შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება პუტინმა მიიღო პირადად და თუ დასავლეთი ვერ შეძლებს მის შეჩერებას, ის აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიას მოახდენს. სოლოვეის წყაროს აზრით, პუტინი გეგმებს ადგენს და შეფასებებს აკეთებს იმ გათვლით, რომ ახლა დასავლეთის მხრიდან მას უპირისპირდება ყველაზე სუსტი პოლიტიკური ელიტა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. კრემლს ეკონომიკური სანქციები საერთოდ არ აშინებს და ამერიკის
დავოსის მთელმა ელიტამ, ბოლო ათი წლის განმავლობაში ნელა მზარდი ან სულაც არამზარდი ეკონომიკის პირობებში, სწორედ ამ ოლიგარქების მეოხებით იხეირა...
ბენ ჯუდა
ხელმძღვანელობას ის სრულიად დამამცირებლად ეპყრობა. პუტინის გარემოცვაში არიან ისეთებიც, რომლებსაც დასავლეთში არავითარი აქტივები არა აქვთ და პუტინს ზურგს უმაგრებენ მის ქმედებაში. არიან ისეთებიც, პირადი ეკონომიკური სანქციების გამო ძალიან რომ დაფრთხნენ, მაგრამ პრეზიდენტს წინააღმდეგობას ვერ უწევენ და მისი გამარჯვებისა სწამთ. ბენ ჯუდის აზრით, სანქციების მიმართ რუსეთის ელიტა გულგრილი ვერ არის:

„რუსეთის ელიტა თეორიულად უკიდურესად მგრძნობიარეა ევროკავშირის ნებისმიერი ქმედების მიმართ, თუ მას ან საგადასახადო სამოთხეებს წაართმევენ, ან სავიზო რეჟიმს დაუწესებენ, ან საბანკო აქტივებს გაუყინავენ, ან რუსეთის ფირმებს საფინანსო ბირჟებისა თუ საფინანსო სამსახურების გზას გადაუღობავენ. მაგრამ პუტინი სრულიად დარწმუნებულია, რომ ევროპის კავშირი ამის გაკეთებას არ აპირებს“.

ჯუდა განმარტავს, რომ პუტინის კაბინეტის ნახევარს აქტივები აქვს ევროპაში, მაგრამ ევროპის ქვეყნებმა - პირველ რიგში, ბრიტანეთმა და გერმანიამ - რა ხანია ცხადი პოზიცია დაიკავეს, რომ ისინი არაფერს ისეთს არ გააკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ, რაც მათ ინტერესებსაც ავნებს. იან ტეხაუ ფიქრობს, რომ დასავლეთს შესწევს უნარი, ამის ნება რომ ჰქონდეს, მოსკოვს სერიოზული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს. ჯუდის დაკვირვებით, პუტინმა კარგად იცის, რომ ცივი ომის დრო, როცა აშშ ევროპის ქვეყნებს მოსთხოვდა, საბჭოთა კავშირს ესა თუ ის სანქციები დავუწესოთო, წავიდა.

„ამის მსგავსი, რა თქმა უნდა, არაფერი მოხდება, რადგან იგივე ევროპული ელიტა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს, კოქტეილის საღამოებზე იკრიბება ევროპის პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად და დავოსის მთელმა ელიტამ, ბოლო ათი წლის განმავლობაში ნელა მზარდი ან სულაც არამზარდი ეკონომიკის პირობებში, სწორედ ამ ოლიგარქების მეოხებით იხეირა“, – ამბობს ბენ ჯუდა.
XS
SM
MD
LG