გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს რუსეთი გააფრთხილა, რომ მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება ყირიმში მის მოქმედებას. როგორც მერკელმა გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას თქვა, „თუ რუსეთი გააგრძელებს ბოლო კვირების კურსს, ეს იქნება არამარტო კატასტროფა უკრაინისათვის“, არამედ შეცვლის რუსეთთან ევროკავშირის ურთიერთობას. ყირიმი ოკუპირებულია რუსი სამხედროების მიერ და კვირისთვის დანიშნულია რეფერენდუმი რუსეთთან ამ ნახევარკუნძულის მიერთების საკითხზე. მერკელის თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ არის განხილვის საგანი და ყირიმში რუსეთის ჯარების განთავსებით ცალსახად დაირღვა საერთაშორისო სამართალი. კანცლერი ამბობს, რომ ევროკავშირი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მისაღებად. უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი დღეს გამოვა გაეროს უშიშროების საბჭოში მას შემდეგ, რაც მტკიცე მხარდაჭერა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასაგან.
ყველაზე პოპულარული
1