Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე


გაეროს უშიშროების საბჭო შაბათს კენჭს უყრის რეზოლუციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. აშშ-ის ინიციატივით მომზადებულ ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ყირიმის რუსეთთან მიერთების საკითხზე კვირისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგს „არ შეიძლება ძალა ჰქონდეს“. რეზოლუციის პროექტის მომხრეები აცნობიერებენ, რომ რუსეთი, მაღალი ალბათობით, ვეტოს გამოიყენებს რეზოლუციის დასაბლოკად. მაგრამ აშშ-ის ელჩის, სამანტა პაუერის განმარტებით, მიზანია „გამოჩნდეს რუსეთის იზოლირებულობა, თუ ის არამშვიდობიან გზას აირჩევს“. გაეროს უშიშროების საბჭოში დაგეგმილ კენჭისყრას დღეს კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შეეხო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრეი დეშჩიცაც: „ჩვენი დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ გაეროს სხვა წევრები შეძლებენ რუსეთის დარწმუნებას, მხარი დაუჭიროს გაეროს რეზოლუციას. ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ რჩება კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობა“,
განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. რეზოლუციის მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 13 მხარს დაუჭერს რეზოლუციას და იმედოვნებენ, რომ ჩინეთი - რუსეთის ახლო მოკავშირე - თავს შეიკავებს. პარასკევს უშედეგოდ დასრულდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯონ კერისა და სერგეი ლავროვის ექვსსათიანი მოლაპარაკება ყირიმის კრიზისის განსამუხტავად.
XS
SM
MD
LG