აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები გმობენ რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ყირიმის მიერთებას, როგორც „ტერიტორიის მიტაცებას“ საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ისინი მოსკოვს დასავლეთის მორიგი სანქციებით ემუქრებიან. პოლონეთში ვიზიტისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთს უწინასწარმეტყველა საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება, თუ ის გააგრძელებს ყირიმის მიერთებით არჩეულ კურსს. ბაიდენმა პირობა დადო, რომ მიმართავენ ზომებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ნატოს კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად. თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ შეურიგდება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. ამასობაში, ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ წყვეტს რუსეთთან ყოველგვარ სამხედრო თანამშრომლობას. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საერთაშორისო სამართლის დარღვევად მოიხსენია ყირიმში გამართული რეფერენდუმი, ყირიმის დამოუკიდებლობის გამოცხადება და რუსეთის მიერ ამ ტერიტორიის მიერთება. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გამოვიდა ევროკავშირის „ძლიერი“ რეაქციისაკენ მოწოდებით.
ყველაზე პოპულარული
1