Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე: დასავლეთისადმი პრეზიდენტ პუტინის გზავნილი ძალიან შემაშფოთებელია


რუსეთთან ყირიმის შეერთების გადაწყვეტილების გამოცხადებისას დასავლეთისადმი პრეზიდენტ პუტინის გზავნილი ძალიან შემაშფოთებელია, რადგან კვლავ ცივი ომის რიტორიკას შეიცავდა - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაია ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ უაღრესი სირთულის მიუხედავად სიტუაციის მეტად ესკალაცია არ მოხდება და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა შეძლებს ვითარების დიპლომატიურ ჭრილში გადატანას. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შექმნილ სიტუაციაში საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას მართებს სიფრთხილე და ყურადღება, რათა მიმდინარე გლობალურ პროცესებში არ მოხდეს რაიმე ისეთი, რაც კიდევ უფრო გააუარესებს ქვეყნის მდგომარებას. "თუმცა, მისი გაუარესება ძნელად თუ წარმომიდგენია, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის მიერ აღიარებულია დამოუკიდებელ ქვეყნებად, ამ საკითხზე რუსეთთან შეთანხმებას ვერ ვახერხებთ და უახლოეს მომავალშიც ეს იქნება რთული ამოცანა" - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, საქართველო მუდმივად მიმართავს პარტნიორებს, განახორციელონ დიპლომატიური ზეწოლა რუსეთზე, რათა მან უკანონო ქმედებები შეწყვიტოს.
XS
SM
MD
LG