Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმი - უკრაინის, რუსეთისა და დასავლეთის თვალით


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ხუთშაბათს საგანგებო სხდომაზე რუსეთის ფედერაციასთან ყირიმის მიერთების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. თავის მხრივ, უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, კიევი არასოდეს ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. კიევის პოზიციას, როგორც ცნობილია, იზიარებენ დასავლეთის ქვეყნები.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში რატიფიცირებულ იქნა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის კუთვნილი ავტონომიური რესპუბლიკის - ყირიმის -მიერთებას რუსეთთან. ამ შეთანხმებას სამშაბათს ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ყირიმის სეპარატისტმა ლიდერებმა მას შემდეგ, რაც რეგიონში ჩატარებულ სადავო რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს ყირიმის შესვლას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.

მოსალოდნელია აგრეთვე, რომ პარასკევს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაც - ფედერაციის საბჭო - მოიწონებს უკრაინაში შემავალი რეგიონის ანექსიას. ამასობაში, რუსეთი შეუდგა ყირიმში რუსული პასპორტების დარიგებას, რადგან რეგიონის მოსახლეობას უკვე რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევს.

თავის მხრივ, უკრაინის პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, კიევი არასოდეს ცნობს ყირიმში რუსეთის მიერ მიღებულ ზომებს. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა კვლავაც უკრაინის შემადგენელ ნაწილად მიაჩნიათ შეერთებულ შტატებს და დასავლეთის დანარჩენ ქვეყნებსაც. ანექსიის საპასუხო ზომების სახით, მათ, როგორც ცნობილია, რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესეს.

რეფერენდუმი ჩატარდა, მაგრამ ყირიმის სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი არ შეცვლილა. ქურდს შეუძლია ქონების მოპარვა, მაგრამ ამის გამო ქურდზე არ გადადის მფლობელობის უფლება...
სამანტა პაუერი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხუთშაბათს, სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას, უკანონო უწოდა სანქციებს: „ცალმხრივ სანქციებს კარგი არასოდეს არაფერი მოუტანია. ისინი უკანონოა, მათ არ გააჩნიათ საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი. გაეროს უშიშროების საბჭო არის ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სუვერენული სახელმწიფოების მიმართ იძულებით ზომებზე. მას არ მიუღია ასეთი გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციის მიმართ, უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩის ხელისუფლების მიმართ,“ განაცხადა ლავროვმა ხუთშაბათს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, რომელსაც რატიფიკაციაზე კენჭისყრამდე წარუდგინა რუსეთის ფედერაციასთან ყირიმის მიერთების შესახებ შეთანხმების პროექტი.

მოსკოვში იმავე დღეს გაიმართა გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის შეხვედრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. როგორც იუწყებიან, გაეროს ლიდერმა პუტინთან საუბარში გამოთქვა „ღრმა შეშფოთება“ უკრაინის კრიზისის გამო. პარასკევს ბან კი მუნი კიევში გამართავს შეხვედრებს.

მოსკოვში ბან კი მუნის ვიზიტს წინ უსწრებდა გაეროს უშიშროების საბჭოში, უკრაინის კრიზისის გამო, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენელთა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება. გაეროში აშშ-ის ელჩმა სამანტა პაუერმა ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე გამოსვლისას „ქურდობას“ შეადარა ყირიმთან მიმართებით რუსეთის ქმედება.

„რეფერენდუმი ჩატარდა, მაგრამ ყირიმის სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი არ შეცვლილა. ქურდს შეუძლია ქონების მოპარვა, მაგრამ ამის გამო ქურდზე არ გადადის მფლობელობის უფლება. (...) ბოლოს, ნება მიბოძეთ აღვნიშნო, რომ ის, რასაც რუსეთი აკეთებს, გაუმართლებელია კანონიერების თვალსაზრისით, გაუმართლებელია ისტორიის თვალსაზრისით, გაუმართლებელია პოლიტიკურად და არის სახიფათო“, განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა, რომლის ამ გამოსვლასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა მისი რუსი კოლეგის ვიტალი ჩურკინისაგან.

„ქალბატონმა პაუერმა თავისი გამოსვლა დაიწყო ტოლსტოისა და ჩეხოვის ხსენებით და დაასრულა ბულვარული პრესის დონეზე დაშვებით. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ჩვენი ქვეყნის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. თუ შეერთებული შტატები მოელის გაეროს უშიშროების საბჭოში ჩვენთან თანამშრომლობას სხვა საკითხებზე, ქალბატონმა პაუერმა ეს კარგად უნდა გააცნობიეროს“, განაცხადა გაეროში რუსეთის ელჩმა.

რუსეთს კრიტიკული შეფასებების მოსმენა მოუწევს ბრიუსელიდანაც, სადაც ხუთშაბათ საღამოს დაიწყო ევროკავშირის ორდღიანი სამიტი. მისი მონაწილეები მსჯელობენ მორიგ სანქციებზე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე საპასუხოდ.
XS
SM
MD
LG