Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის კრიზისის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე


დემონსტრაცია მაიდანზე, კიევში
დემონსტრაცია მაიდანზე, კიევში
უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. შესაბამისად, იქ მიმდინარე მოვლენები გამოძახილს პოვებს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკაზე. საქართველოსთვის უკრაინა იქცა ძირითად საექსპორტო ბაზრად, განსაკუთრებით იმ წლებში, როცა რუსეთმა ქართულ პროდუქციას საზღვრები ჩაუკეტა. ახლა კი, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის შიგნით შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე მის სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებზე, მათ შორის, საქართველოზე. მაგრამ შედეგები ოდნავ მოგვიანებით გახდება თვალსაჩინო, აღნიშნავენ ეკონომიკის ექსპერტები. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე ეკონომიკური პროცესების დაკვირვებით შემოიფარგლებიან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მისი უწყება უკრაინასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ რისკებს აანალიზებს:

”რა ეკონომიკური გავლენა შეიძლება ჰქონდეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოზე, ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ ძალიან საფუძვლიან ანალიზს. პროცესებმა, რომლებიც ვითარდება უკრაინაში, შეუძლებელია, რომ რეგიონზე არ მოახდინოს ძალიან დიდი გავლენა. ამ ეტაპზე მე მიჭირს ამის თქმა, თუმცა მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ძალიან საფუძვლიანად ვსწავლობ და ვადევნებ თვალყურს განვითარებულ მოვლენებს და ყველა შესაძლო რისკებს ვაანალიზებთ და ვაფასებთ”.

თუ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, ეს, სავარაუდოდ, აისახება რუსეთის ეკონომიკაზეც და ეს გავლენა განპირობებული იქნება ნაწილობრივ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით. ამ შემთხვევაში უკრაინის პოლიტიკური კრიზისის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ორმაგი იქნება...
აზიმ სადიკოვი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ თუ საგარეო ფაქტორები გამოირიცხა, საქართველოს ეკონომიკის 5 პროცენტიანი ზრდა რეალისტურია. სწორედ ამ მაჩვენებლის მიხედვით არის დაგეგმილი 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს მთავრობა კი თავს იმით იწონებს, რომ იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის დაგეგმილზე მაღალი შედეგი აჩვენა. ამ ოპტიმიზმს ბევრი ეკონომისტი სიფრთხილით ეკიდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა კავკასიის რეგიონში აზიმ სადიკოვმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფონდის პროგნოზს გაზაფხულის ბოლოს გადახედავენ. მანამდე კი, მიუხედავად უკრაინის მოვლენებისა, 5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელი უცვლელი რჩება:

”თუ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, ეს, სავარაუდოდ, აისახება რუსეთის ეკონომიკაზეც და ეს გავლენა განპირობებული იქნება ნაწილობრივ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით. ამ შემთხვევაში უკრაინის პოლიტიკური კრიზისის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ორმაგი იქნება. ერთი მხრივ, გავლენას მოახდენს უკრაინის კრიზისი და, მეორე მხრივ, სავარაუდოდ,რუსეთის კრიზისი. ჯამში კი, ამ ორ ქვეყანაზე საქართველოს ექსპორტის, დაახლოებით, 20 პროცენტი მოდის”.

ვფიქრობ, რომ კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში ქართული ექსპორტი უკრაინის ბაზარზე მნიშვნელოვნად დაზარალდება. ასევე გასათვალისწინებელია უკრაინიდან ფულადი გადმორიცხვებიც, რომლებიც კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს...
გიორგი აბაშიშვილი
აზიმ სადიკოვის აზრით, რუსეთ-უკრაინის კრიზისის გაღრმავება გავლენას იქონიებს არა მარტო საქართველოზე, არამედ მთელ რეგიონზე. საქართველოსთვის უკრაინის მოვლენების შესაძლო ეკონომიკურ შედეგებზე საუბრობენ ქართველი ექსპერტებიც. ისინიც ამბობენ, რომ, მართალია, ჯერ შედეგები ხილული არ არის, მაგრამ ახლო მომავალში გავლენა მაინც საგრძნობი გახდება. „ილიას უნივერსიტეტის“ პროფესორის გიორგი აბაშიშვილის აზრით, თუ დაძაბულობა რუსეთ-უკრაინას შორის კიდევ უფრო გამწვავდა, ქართული პროდუქციის ექსპორტი დაზარალდება:

„საქართველოდან უკრაინაში მნიშვნელოვანწილად გაედინება ისეთი ტიპის პროდუქტები, როგორიც არის ღვინო და მინერალური წყლები, ე.წ. ელასტიური პროდუქტები, რაც ნიშნავს იმას, რომ მათზე ფასების მცირედი ზრდა მათზე მოთხოვნას შეამცირებს. ვფიქრობ, რომ კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში ქართული ექსპორტი უკრაინის ბაზარზე მნიშვნელოვნად დაზარალდება. ასევე გასათვალისწინებელია უკრაინიდან ფულადი გადმორიცხვებიც, რომლებიც კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს“.

გიორგი აბაშიშვილი გაცილებით დიდი საფრთხის შემცველად მიიჩნევს რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის ალბათობას, რაც შეიძლება რეალობად იქცეს, თუ საქართველო მოსკოვის წინააღმდეგ მსოფლიო თანამეგობრობის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. ამ რისკზე ამახვილებს ყურადღებას კიდევ ერთი ეკონომისტი, ირაკლი ლექვინაძე:

„გააჩნია სანქციების სიმკაცრეს და გავხდებით თუ არა ჩვენ ამ სანქციების მონაწილე. თუ ჩვენ გავხდებით თანამონაწილე, მაშინ რუსეთთან გარკვეული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები შეფერხდება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არასტაბილურობა აზარალებს ზოგადად მსოფლიო ეკონომიკას და გამონაკლისი ვერ იქნება საქართველო“.

ირაკლი ლექვინაძის მიერ ნახსენებ საფრთხეებს შორის არის რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გადმორიცხვების შემცირების ალბათობაც, რაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს სანქციების გამკაცრებას. მაგრამ ეკონომისტების უმრავლესობა იმასაც აღნიშნავს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები მხოლოდ მოსალოდნელი საფრთხეებია. ამ ეტაპზე კი საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები საგრძნობ წინააღმდეგობებს არ შესჯახებია.
XS
SM
MD
LG