საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიებას ითხოვს. მთაწმინდის პანთეონში, ზვიად გამსახურდიას საფლავთან, ყოფილი პრეზიდენტის ვაჟებმა კონსტანტინე, გიორგი და ცოტნე გამსახურდიებმა ხელი მოაწერეს კომუნიკეს, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავარ პროკურორს და სახალხო დამცველს მიმართეს გაგრძელდეს 2004 წელს დაწყებული გამოძიება. კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, რეალურად არანაირი საგამოძიებო მოქმედებები დღემდე არ ყოფილა, 2011 წელს შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ კი დაადგინა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლულია. დღეს ზვიად გამსახურდიას 75 წელი შეუსრულდებოდა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. "ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომლის შედეგად საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, აფხაზი და ოსი თანამოძმეების ჩათვლით, ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას თაოსნობით საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ხსოვნის უკვდავსაყოფად დააარსა ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სასწავლო წლის საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა.
ყველაზე პოპულარული
1