Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 12 აპრილი


კვირის დასაწყისში ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა უნგრეთი და იქ კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და მისმა მემარჯვენე-ნაციონალისტურმა პარტიამ, „ფიდესმა“. ორბანის პოლიტიკური სტილი მოქალაქეებს მოსწონთო, აღნიშნავდნენ ჟურნალისტები და იქვე გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ ნაციონალისტებისა და პოპულისტების ტრიუმფალური აღზევება ევროპის სხვა ქვეყნების არჩევნებზეც გაგრძელდება. რუმინეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის გამოცემა „რომენია ლიბერა“ ორშაბათს, 7 აპრილს, ყურადღებას ამახვილებდა უნგრეთის ენერგეტიკულ კავშირებზე რუსეთთან. გამოცემის აზრით, ორბანს გამარჯვების მოპოვებაში ეს კავშირებიც დაეხმარა: „ორბანის მთავრობამ საყოფაცხოვრებო გადასახადები, დაახლოებით, 20 პროცენტით შეამცირა. ისინი, უწინარესად, გაზის და ელექტროენერგიის ფასზე არიან დამოკიდებული. მოხმარებული გაზის 70 პროცენტს უნგრეთი რუსეთის კომპანია „გაზპრომისგან“ იღებს - შესაბამისად, ადვილი გამოსაცნობია ის, თუ საიდან იღებს სათავეს ფასების შეკვეცა. ... ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ორბანი ერთხელაც კი არ მიუწვევიათ ვაშინგტონში. მსგავსი რამ პირველად მოხდა კომუნიზმის დანგრევის მერე. მაგრამ იანვარში ის მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმირ პუტინმა თბილი მასპინძლობა გაუწია. ამ ვიზიტის შემდეგ გამოცხადდა, რომ უნგრეთი რუსეთისგან 10 მილიარდ ევროს მიიღებს სესხის სახით. ... ეს უკავშირდება რუსეთის ბირთვული ენერგიის სააგენტოს, რომელთანაც ორბანმა ხელშეკრულება ტენდერის გამოუცხადებლად გააფორმა, ევროკავშირში მოქმედი სტანდარტული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასე მოიპოვა მან ფასდაკლება ელექტროენერგიაზე“.

პრესა აქტიურად გამოეხმაურა ავღანეთში შაბათს ჩატარებულ არჩევნებსაც, რომელშიც მონაწილეობა ამომრჩევლის, დაახლოებით, 60-მა პროცენტმა მიიღო, მაშინ როცა 2009 წელს ამომრჩევლის აქტივობა მხოლოდ 30 პროცენტი იყო. გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ 7 აპრილის ნომერში წერდა, თავდასხმების შიშის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობით მოქალაქეებმა თალიბანს გაუწიეს წინააღმდეგობაო: „პირველად მათი ქვეყნის ისტორიაში, მათ გამოავლინეს ნება ძალაუფლება მშვიდობიანად გადაეცეს ერთი ლიდერიდან შემდეგს. ამით აჩვენეს, რომ ცდებოდნენ ისინი, ვინც დონორ ქვეყნებში აცხადებდა, რომ ავღანელები არ იყვნენ მზად დემოკრატიისთვის. მათ თავიანთ დაღლილ დამხმარეებს გაუგზავნეს მესიჯი, არ მიატოვონ პროგრესული ძალები, რომლებიც მეამბოხეებს ებრძვიან. ავღანელები საერთაშორისო თანამეგობრობას ლეგიტიმური პოზიციებიდან ელაპარაკებიან - თითქოს ეუბნებიან, თქვენ მიერ აღმოჩენილი დახმარება უშედეგო არ ყოფილაო. თუ ახალი პრეზიდენტი და დასავლეთი სწორ დასკვნებს გამოიტანენ, ამ ქვეყანამ, შესაძლოა, პროგრესს მიაღწიოს, იმ უამრავი პრობლემის მიუხედავად, რომლებიც მას ამ დრომდე აფერხებდა“.

დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში დარჩა უკრაინა და მის გარშემო განვითარებული მოვლენები. მიმდინარე კვირაში ვითარება განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთში დაიძაბა - პრორუსულად განწყობილმა ძალებმა ორშაბათს სამთავრობო შენობები დაიკავეს. ჟურნალისტები გამოთქვამდნენ შიშს, რომ, შესაძლოა, აღმოსავლეთ უკრაინაც მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ, და გამოდიოდნენ მოწოდებით, რეგიონს ფართომასშტაბიანი ავტონომია მიენიჭოს, კონფლიქტის განმუხტვის მიზნით. იტალიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური „რეპუბლიკა“ 9 აპრილს წერდა, კონფლიქტის ესკალაციას, შესაძლოა, ისევ ახალი ცივი ომი გვერჩივნოსო. „დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დღევანდელივით ცუდი იშვიათად ყოფილა. და მაინც, ბარაკ ობამა გვარწმუნებს, რომ საქმე არ გვაქვს ახალ ცივ ომთან. ... იმის გამო, რომ სამხედრო კონფლიქტი ძალიან საშიში იქნება, საუკეთესო გზად რჩება ამერიკელი დიპლომატის, ჯორჯ კენანის მიერ 1947 წელს შემუშავებული მიდგომა - თუ ჩინეთსა და რუსეთს მეგობრებად ვერ განვიხილავთ, მაშინ კონფლიქტის გადალახვისთვის უნდა ვაღიაროთ მათი ინტერესების განსხვავებული ბუნება. ამასთან, უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების ძალა. თუკი ახალი ცივი ომი უნდა მოხდეს, დაე ის სწორედ ასეთი იყოს: ცივი. საბოლოო ანგარიშით, ცივი ომის მიზანი სიტუაციის ესკალაციის არდაშვებაა“.

დანიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „ილანდს პოსტენი“ 10 აპრილს წერდა, უკრაინის კრიზისი ქმნის ცდუნებას, მთავარ ბოროტ პერსონაჟად ვლადიმირ პუტინი წარმოვაჩინოთ, მაგრამ ამასობაში კრიტიკული პერსპექტივიდან უკრაინის პოლიტიკური ელიტები არ უნდა გამოგვრჩესო. „იმ შემთხვევაშიც, თუკი რუსეთს და დასავლეთს შეუძლიათ მოვლენებზე დადებითი ან უარყოფითი გავლენის მოხდენა, უკრაინის მომავალზე პასუხისმგებლობა, საბოლოო ანგარიშით, თავად უკრაინელებს ეკისრებათ. სამწუხაროდ, პოლიტიკური კლასი იქ არაპროფესიონალთა გუნდივით იქცევა, რომლებსაც აშკარად წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გაკეთდეს მათი დანაწევრებული ქვეყნის გასაერთიანებლად. კიევში ხელისუფლება ორი თვეა შეიცვალა, მაგრამ ახალი მთავრობიდან არავის ჩაუთვლია საჭიროდ აღმოსავლეთ უკრაინაში ჩასვლა - ხალხთან, რომელიც შიშობს, რომ მათ საერთოდ უგულებელყოფენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში უკრაინას გამოარჩევდა ერთიანი, სახალხო სულისკვეთების ნაკლებობა და პოლიტიკური კლასის კორუფცია“.
XS
SM
MD
LG