Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლავიანსკსა და კრამატორსკში რუსეთის დროშიანი მძიმე ტექნიკა გადაადგილდება


უკრაინული მედიის ცნობით, კრამატორსკიდან სლავიანსკისკენ მიემართება მძიმე ჯავშანტექნიკა რუსეთის დროშებით. ეს ინფორმაცია დაადასტურა დონეცკში რადიო თავისუფლების კორესპონდენტმაც. ერთი ვერსიით, ეს ჯავშანტექნიკა უკრაინის ჯარის არის და ის დღეს დილით კრამატორსკში ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მხარდამჭერებმა ჩაიგდეს ხელში. მეორე ვერსიით, ჯავშანტექნიკას ის უკრაინელი სამხედროები მართავენ, ვინც პრო-რუსულად განწყობილი აქტივისტების მხარეს გადავიდნენ. მანამდე რუსეთის დროშებიანი ჯავშანტექნიკის შესახებ თვითმხილველი ჟურნალისტი არტიომ შევჩენკო წერდა: „კრამატორსკში რუსეთის დროშით 10 ერთეული ჯავშანტექნიკაა. მათზე „მწვანე კაცუნების“ დესანტით“. დღეს დილით კრამატორსკში შევიდა უკრაინის არმიის ჯავშანტექნიკა, თუმცა, ის ხალხის ბრბომ შეაჩერა. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, შემდეგ იქ მივიდნენ კამუფლიაჟიანი შეიარაღებული უცნობები. მათ განაიარაღეს უკრაინელი სამხედროები. მოგვიანებით სლავიანსკში შევიდა სამი სამხედრო მანქანა რუსეთის დროშებით. როგორც „უკრაინსკია პრავდას“ სლავიანსკში მყოფმა ჟურნალისტმა პიოტრ ტერენტიევმა აცნობა, პრორუსულად განწყობილმა ერთ-ერთმა აქტივისტმა მას უთხრა, რომ უკრაინელი სამხედროები საპროტესტო ნაწილის მხარეს გადავიდა.
XS
SM
MD
LG