Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხრა დაკავებული ხუთ დღეში და გამონაკლისი აძვის ეკლესიის მლოცველებისთვის


საოკუპაციო ხაზი დვანში
საოკუპაციო ხაზი დვანში
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში საჩხერის მუნიციპალიტეტიდან საოკუპაციო რეჟიმმა ცხრა ადამიანი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავა. ბოლო დაკავება გუშინ, დღის მეორე ნახევარში, მოხდა. სოფლების - კორბოულისა და გორისას მცხოვრებლები ამირან გულიაშვილი, თამაზ შეყლაშვილი და ზაზა გოგატიშვილი სოფლის განაპირას ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასულები, რა დროსაც ისინი დააკავეს და ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი დავით კობახიძე აცხადებს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა საჩხერის რაიონის მცხოვრებთა დაკავების ფაქტი უკვე დაადასტურეს.

თითქმის ათდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს სოფელ კლდისწყაროს მცხოვრებნი - გიორგი ხარაიშვილი და ბესიკ გელაშვილი. მათი გათავისუფლება ჯარიმის გადახდის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ხარაიშვილი და გელაშვილი ამბობენ, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. ჯონჯოლის კრეფისას მათ ჩასაფრებული რუსეთის მესაზღვრეები შეხვდნენ, ჯერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს და იქ ფოტოები გადაუღეს, მოგვიანებით კი ცხინვალში გადაგზავნეს.

გიორგობის დღესასწაულზე სოფელ აძვის ოკუპირებულ ეკლესიაში მისვლის საშუალება მიეცა გორი-ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა). მან მრევლთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღავლინა. მისი თქმით, მეორე მხარე გაგებით უნდა მოეკიდოს რელიგიურ დღესასწაულებზე მრევლის ოკუპირებულ ტაძრებში მისვლას.

ქართული მხარე დიდი ხანია ჟენევის და ერგნეთის მოლაპარაკებების ფორმატში ითხოვს, რომ დღესასწაულის დღეებში ქართული სოფლების მცხოვრებლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი სალოცავებისა და საფლავების მონახულების საშუალება მიეცეთ. პირველი შეთანხმება უკვე შედგა. აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ რუსეთის მესაზღვრეები არ გამოჩენილან, სოფლის მოსახლეობამ კი 6 თვის შემდეგ ეკლესიასთან მისვლა პირველად მოახერხა.

რამდენიმე თვის წინ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დადგეს და ადგილობრივ მოსახლეობას ამ ბანერების მიღმა გადასვლა აუკრძალეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი აძვის ორი ეკლესია დარჩა. რამდენიმე კვირის წინ რუსეთის მესაზღვრეებმა სწორედ ამ ეკლესიის გადასაღებად წასული ტელეკომპანია „ტვ-3“-ის გადამღები ჯგუფი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
XS
SM
MD
LG