Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი აკრიტიკებს პუტინის ყირიმში ვიზიტს


დასავლეთის მთავრობებმა და ნატომ გააკრიტიკეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ყირიმში, რომლის ანექსირებაც რუსეთმა ახლახან მოახდინა, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით. პუტინი ყირიმს 9 მაისს ესტუმრა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე დასასწრებად. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ პუტინის სევასტოპოლში ვიზიტს უწოდა „პროვოკაციული და არასაჭირო“. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ევროკავშირმა „დასანან“ ფაქტად აღიქვა სევასტოპოლში სამხედრო აღლუმზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოფნა. განცხადების თანახმად, დღევანდელი დღე, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გაღებული უდიდესი მსხვერპლისთვის პატივის მიგებას უნდა მიძღვნოდა, არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ყირიმის უკანონო ანექსირებისთვის ხილვადობის მისაცემად. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ყირიმი კვლავ უკრაინის ნაწილია და მისი ინფორმაციით, უკრაინის მთავრობას ყირიმში ვიზიტით არ მიუწვევია პუტინი. „ამ თვალსაზრისით, პუტინის ვიზიტი უადგილო იყო“ - წერს რასმუსენი.
XS
SM
MD
LG