Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილება საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების სისტემაში


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა. ცენტრი სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლას დაუფინანსებს. რით განსხვავდება დაფინანსების ახალი სისტემა საქართველოში ადრე მოქმედი მსგავსი პროგრამებისგან?

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 15 მაისს საზოგადოებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კონცეფცია წარუდგინა. მისი განცხადებით, ცენტრი სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლას დაუფინანსებს, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ საჯარო სექტორში დაასაქმებს. პრეზენტაციისას პრემიერ- მინისტრმა სტუდენტებს ასე მიმართა:

„ცენტრისთვის მნიშვნელოვანია ისეთი სტუდენტების დაფინანსება, რომლებსაც სახელმწიფოს დახმარების გარეშე უცხოეთის ძვირად ღირებულ უნივერსიტეტებში სწავლის საშუალება არ ექნებოდათ. თქვენი დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ თქვენ დასაქმდებით სახელმწიფო სამსახურში და თქვენს ცოდნას ჩვენს ქვეყანას მოახმართ“.

განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდის მიხედვით, პრიორიტეტულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს შორისაა: სამართალი, აგრარული მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო (სიცოცხლის შემსწავლელი) მეცნიერებები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ჯანდაცვა და სამედიცინო მიმართულებები, ურბანული განვითარება, არქიტექტურა, რესტავრაცია და კონსერვაცია, სოციალური მეცნიერებები, თავდაცვა და უსაფრთხოება, ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება. პრეზენტაციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

„პირველ რიგში, შევარჩიეთ ის დარგები, რომელთა განვითარებაც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს“.
ამ პროგრამის ძირითადი, კონცეპტუალური განსხვავება არის კავშირი დამსაქმებელსა და განათლების მიმღებს შორის და, საბოლოო ჯამში, კვალიფიციური კადრის ჩამოსვლა. ანუ ეს სამი ბმულია გაკეთებული...
ნინო ჭელიძე

პროექტი, რომელიც სტუდენტებს უცხოეთში სწავლას უფინანსებდა, საქართველოში ადრეც არსებობდა. ეს იყო ჯერ საპრეზიდენტო პროგრამა, ხოლო შემდეგ განათლების სამინისტროს პროგრამა - „ცოდნის კარი“. როგორც განათლების საერთაშორისო ცენტრის უფროსი ნინო ჭელიძე ამბობს, ახლად შექმნილი პროგრამა ძველისაგან ძალიან განსხვავდება:

„ამ პროგრამის ძირითადი, კონცეპტუალური განსხვავება არის კავშირი დამსაქმებელსა და განათლების მიმღებს შორის და, საბოლოო ჯამში, კვალიფიციური კადრის ჩამოსვლა. ანუ ეს სამი ბმულია გაკეთებული. მეორე, შერჩევის აბსოლუტურად ტრანსპარანტული, ღია სისტემა“.

ნინო ჭელიძე განმარტავს, რომ შერჩევის გამჭვირვალე სისტემა სტუდენტების სრულ ინფორმირებულობას გულისხმობს. მისი თქმით, თუ სტუდენტი დაფინანსებას ვერ მიიღებს, ცენტრი მას აუხსნის, რატომ დაიწუნეს მისი აპლიკაცია:

„ადამიანს როდესაც უარს ეუბნები, არა უშავს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, კონკრეტულად რატომ ეთქვა უარი, რომ შემდეგი წლისთვის გააუმჯობესოს ან მიხვდეს, რომ ეს ის პროგრამა არ არის, სადაც აპლიკაციის შემოტანა უნდოდა“.
შეიძლება სიახლეზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ინსტიტუციურად სხვანაირად არის აწყობილი და სპეციალური ცენტრი შეიქმნა, თუმცა შინაარსობრივად, გამოსავლისა და შედეგის მიხედვით, სხვაობას მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ...
ლიკა ღლონტი

ევროგაერთიანების პროგრამა „ტემპუსის“ მიზანი ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობა და თანამშრომლობის განვითარებაა. პროგრამის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი ამბობს, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნა კარგი ინიციატივაა, თუმცა ძველი პროგრამისგან პრინციპულ განსხვავებას ვერ ხედავს:

„მე მგონია, რომ ეს არის უფრო პიარსვლა. შეგვიძლია ამას ახალი ვეძახოთ. შეიძლება ახალია, იმიტომ რომ პატრონაჟის სისტემა შეიცვალა, აღარ არის პრეზიდენტთან და განათლების სამინისტროში და პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია. შეიძლება სიახლეზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ინსტიტუციურად სხვანაირად არის აწყობილი და სპეციალური ცენტრი შეიქმნა, თუმცა შინაარსობრივად, გამოსავლისა და შედეგის მიხედვით, სხვაობას მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ“.

ლიკა ღლონტი განმარტავს, რომ კარგი იქნებოდა ადრე მოქმედი დაფინანსების სისტემების შესწავლაც. მისი თქმით, სასარგებლო იქნებოდა იმის შეფასებაც, თუ რა მოიგო ამით სახელმწიფომ.
XS
SM
MD
LG