Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ამბობს უცხოელი ექსპერტების ახალი დასკვნა საყდრისის შესახებ


საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს დაცვისა და გადარჩენის კომიტეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში ე.წ. უნდობლობის პეტიცია შეიტანეს.
საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს დაცვისა და გადარჩენის კომიტეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში ე.წ. უნდობლობის პეტიცია შეიტანეს.
საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს დაცვისა და გადარჩენის კომიტეტის წევრებმა 16 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე ე.წ. უნდობლობის პეტიცია შეიტანეს, რომლითაც ისინი უნდობლობას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობას უცხადებენ და მოუწოდებენ მათ თანამდებობები დატოვონ. საყდრისის დამცველებმა მედიას საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული შუალედური დასკვნის ორიგინალური ვერსიაც წარუდგინეს. კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ შუალედურმა დასკვნამ დაადასტურა, რომ საყდრისი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და რომ ის, მართლაც, ოქროს უძველესი მაღარო იყო.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ექსპერტების შუალედური დასკვნის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მისი ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობის დასასაბუთებლად ახალი არგუმენტი გამოუჩნდათ. კანცელარიასთან ე.წ. უნდობლობის პეტიციით მისული საყდრისის გულშემატკივარი, ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია სააგენტოს უფროსის, ნიკოლოზ ანთიძის სამი კვირის წინანდელ განცხადებებს ახალი დასკვნის შინაარსს უპირისპირებს და ამბობს, რომ საყდრისი არ არის ლეგენდა. საყდრისის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა აქამდეც ჩატარებულა, - ამბობს სოფო კილასონია, - როგორც ჩანს, სააგენტოს მის მიერ შერჩეული ექსპერტების მიერ მათთვის მისაღები დასკვნის დაწერის იმედი ჰქონდა:

საყდრისი
საყდრისი
„მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამ დოკუმენტში მთავარი იყო გეოლოგიური და არქეოლოგიური დასკვნა, რადგან ისინი სწორედ ამ დარგების სპეციალისტები არიან და არა ტურიზმის განვითარების ან ბიზნესის სფეროს ექსპერტები. ამ ნაწილში კი წერია, რომ ეს არის უნიკალური ოქროს საბადო. რასაც აქამდე არ აღიარებდნენ არც RMG GOL-ის კონტრაქტორი გეოლოგები და არქეოლოგები და არც, ჩვენდა სამწუხაროდ, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო“.

საყდრისი-ყაჩაღიანის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა პეტიცია, 400 ხელმოწერით, რომლითაც უნდობლობას უცხადებენ ძეგლთა დაცვის სააგენტოს, პრემიერის სახელზე დატოვეს. პეტიციის ადრესატები ასევე არიან პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.

რაც შეეხება გერმანელი და ბულგარელი გეოლოგებისა და არქეოლოგების მიერ მომზადებულ დასკვნას, დოკუმენტის ქართულად ნათარგმნი ნაწილი მედიას 15 მაისს თავად ნიკოლოზ ანთიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააცნო.საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, კომპანია RMG GOLD-მა საყდრისში მადნის მოპოვება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ უნდა გააგრძელოს.
მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს და დაფასდეს საყდრისის მიგნებები და მონაპოვარი, რომელიც სრულფასოვნად წარმოჩნდება ბოლნისის არქეოლოგიურ მუზეუმში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის გზა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება...
ნიკა ანთიძე

ექსპერტების ათდღიანი მისიის შედეგი ასეთია: ექსპერტების რეკომენდაციებისა და მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციით, ეროვნული მუზეუმის, ქართულ-გერმანული ექსპედიციის უშუალო მონაწილეობით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით და კომპანია RMG GOLD-ის ხელშეწყობით განხორციელდება ყველა ის აუცილებელი სამეცნიერო ქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს საყდრისის პრობლემის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით გადაჭრას.

"მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს და დაფასდეს საყდრისის მიგნებები და მონაპოვარი, რომელიც სრულფასოვნად წარმოჩნდება ბოლნისის არქეოლოგიურ მუზეუმში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის გზა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება და ეს საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და არც სახელმწიფო დაზარალდეს და არც სახელმწიფო სტრატეგიული განვითარების სფეროები", - აღნიშნა ნიკა ანთიძემ.
მადნის მოპოვებითი სამუშაოები დროებით უნდა შეწყდეს სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე და არქეოლოგებს მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიკვლიონ და აღწერონ ეს კულტურული ფენა ან არტეფაქტები...

დოკუმენტში საყდრისის პრობლემის გადაჭრის სამ გზაზეა ლაპარაკი: პირველ გზას წარმოადგენს ტერიტორიისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება; მეორე გზა არის მადნის მოპოვების დაწყება, არსებული არქეოლოგიური მონაცემების ნაწილის უგულებელყოფით, ხოლო მესამე - კონსენსუსის მიღწევა.
რეკომენდაციის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებმა უნდა დაარწმუნონ ორივე მხარე, რომ ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი აღნიშნულ სიტუაციაში შეხვედრის ორგანიზება და მადნის მოპოვების პროცესში გადაუდებელი გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოების განხორციელებაა და, ასევე, არქეოლოგიური მონიტორინგის გეგმის შემუშავება. საყდრისი-ყაჩაღიანის პრობლემის ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტების მხედველობაში მიღებისა და პრობლემის გადაჭრის ყველაზე რეალისტურ გზად ექსპერტები მიიჩნევენ გარკვეულ კომპრომისზე წასვლას.

„მადნის მოპოვებითი საქმიანობის განხორციელებისას კულტურული შრეების ან არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, მადნის მოპოვებითი სამუშაოები დროებით უნდა შეწყდეს სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე და არქეოლოგებს მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიკვლიონ და აღწერონ ეს კულტურული ფენა ან არტეფაქტები მაქსიმალურად მოკლე ვადაში. კომპანია RMG GOLD-მა უნდა ააშენოს რეგიონალური არქეოლოგიური მუზეუმები და სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნდა გადაეცეს მუზეუმს, რომელიც უზრუნველყოფს ბოლნისის რეგიონის მადნის მოპოვებითი საქმიანობის დემონსტრირებას", - აღნიშნულია დასკვნაში.
ლალი პერტენავა
ლალი პერტენავა
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრის, ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავასთვის უფრო მნიშვნელოვანია დასკვნის იმ ნაწილზე აქცენტის გაკეთება, სადაც გარკვევით წერია, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღაროა. ის ამბობს, რომ ექსპერტების დასკვნა ობიექტურია, თუმცა მათი საქმე არ არის რეკომენდაციების გაცემა - უნდა გააგრძელოს თუ არა კომპანიამ ადგილზე მუშაობა:

„გეოლოგი ამბობს, რომ ამ მაღაროს უმეტესი შემცველობა არის ოქროსი, არქეოლოგი კი ამბობს, რომ ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე სამი ათასი წლის წინანდელია. შემდეგ კი უწერიათ რეკომენდაციებში, რომ კომპანიამ უნდა გააგრძელოს იქ მუშაობა, საყდრისის ტერიტორიაზე, რაც არ არის ამ ექსპერტების გადასაწყვეტი, მაგრამ აქ საინტერესო ისაა, რომ საყდრისის ტერიტორია არის საკმაოდ დიდი, სადაც შედის საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვი, რომელზეც ისინი ამბობენ, რომ ეს არის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე; რომ იქ აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურის არტეფაქტები მათ მიერაც, სხვათა შორის, და სახელმწიფო მოვალეა ისინი დაიცვას“.

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ამ დასკვნამ ძირეულად უნდა შეცვალოს სახელმწიფო უწყებების, მისი აზრით, დანაშაულებრივი პოზიცია საყდრისის მაღაროს მიმართ:

მარინე მიზანდარი
მარინე მიზანდარი
„ვერაფრით ვეღარ იტყვიან, რომ ეს არ არის კულტურული მემკვიდრეობა, რომ ეს არ არის უძველესო სამთამადნო ძეგლი და ოქროს მაღარო, ცხადია, თუ სახელმწიფოს მიზანმიმართულად არ სურს თავისი კულტურული მემკვიდრეობის განადგურება. თუ ასეა, მაშინ თქვან ეს ხმამაღლა და მაშინ ეს უკვე სხვაგვარად შეფასდება. ამ დასკვნის შემდეგ კი ამ ამბავს ის სარჩული მაინც აღარ ექნება, რომ იქ არაფერი ღირებული არ არის და ამიტომ ვანგრევთ და ვანადგურებთ იქაურობას. ამას ვეღარავინ ვეღარ იტყვის“.

თავის მხრივ, პროტესტს გამოთქვამენ დაბა კაზრეთში RMG Copper-ისა და შპს RMG Gold-ის თანამშრომლებიც. თანამშრომელთა თქმით, საწარმოს ყველა ობიექტი ამ დრომდე გაჩერებულია, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხეს ქმნის. - ამ ინფორმაციას კი გაერთიანებული პროფკავშირი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კომპანიის დასაქმებულები საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს საყდრისი-ყაჩაღიანის რეალური სტატუსი.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომპანია „RMG Gold“-მა დადებითი დასკვნა მიიღო საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე სამთო სამუშაოების განსახორციელებლად. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ასევე სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს მთავრობის უარი, განეხილა მისი ადმინისტრაციული საჩივარი. ასოციაციამ მთავრობას 2014 წლის 11 აპრილს მიმართა და კულტურის მინისტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქართველოს მთავრობაში კი, როგორც ცნობილია, ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და არც არქეოლოგიური ობიექტი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG