Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის პრეზიდენტი: ასოცირება ევროკავშირისა და საქართველოს ხელჩაკიდებულ სიახლოვეს ნიშნავს


ირაკლი ღარიბაშვილი, ჟოზე მანუელ ბაროზუ
ირაკლი ღარიბაშვილი, ჟოზე მანუელ ბაროზუ
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია უკვე მეორე დღეა იმყოფება ბრიუსელში, სადაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების დეტალები განიხილება. შესრულებული სამუშაოს შესაფასებლად 21 მაისს ბრიუსელში შედგა შეხვედრა ევროკომისრებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი 27 ივნისს ხელმოსაწერი შეთანხმების გარშემო სასაუბროდ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვდა. ხელი მოეწერა ფინანსური დახმარების პროექტს და გაიმართა ასევე ერთობლივი ბრიფინგი.

ჩვენ ვემხრობით დემოკრატიულ, აყვავებულ, გაერთიანებულ და სტაბილურ საქართველოს, - განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი ერთგულად უჭერს მხარს პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას საქართველოსთან და რომ ამის დასტურია ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელსაც 27 ივნისს მოეწერება ხელი. ჟოზე
როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა გასულ კვირაში თბილისში, ასოცირების შესახებ შეთანხმება არ წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანს... და ეს მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის...
ირაკლი ღარიბაშვილი
მანუელ ბაროზუ აქვე ჩამოთვლის დემოკრატიული განვითარების კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილებაც ევროპასთან დაახლოების მსურველ ნებისმიერ სახელმწიფოს და, მათ შორის, ცხადია, საქართველოსაც მოეთხოვება:

”ასოცირების შეთანხმება - ეს არის სამომავლო ინვესტირება. ის მოუტანს რეალურ სარგებელს საქართველოს ყველა მოქალაქეს - ის გარდაქმნის ეკონომიკას, გახსნის სამომხმარებლო ბაზრებს, დაამკვიდრებს უკეთეს ბიზნესგარემოს, შექმნის ეკონომიკურ საფუძველს საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობისთვის. სხვა აღმოსავლელ პარტნიორებს შორის საქართველო იყო ლიდერი მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრებისა და საბაზრო რეფორმების განხორციელების კუთხით... შეხვედრისას მე პრემიერ-მინისტრთან გამოვხატე ევროკომისიის მხარდაჭერა საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური რეფორმების მიმართ. კანონის უზენაესობის პატივისცემა, შერჩევითი მართლმსაჯულების თავიდან აშორება, აუცილებელი სივრცის გარანტირება პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის - ეს არის თანამედროვე, აყვავებული სახელმწიფოს ჩვენეული შეფასების ძირეული ელემენტები”.

ჟოზე მანუელ ბაროზუმ საგანგებოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყოველმხრივ და, მათ შორის, ფინანსურადაც დაეხმარება საქართველოს რეფორმების წარმატებით გაგრძელებისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში. 21 მაისს ხელი მოეწერა შეთანხმებას 19 მილიონი ევროს დახმარების თაობაზე, ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში.

დახმარებისთვის არაერთი მადლობა გადაიხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ხაზს უსვამს დემოკრატიული რეფორმებისადმი ერთგულებას და ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოს შემდგომი ”ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას” უწოდებს. ის თვლის, რომ ეს შანსი ქვეყანას ბევრ შესაძლებლობასა და სარგებელს მოუტანს და, ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. აქ ის 14 მაისის ფაქტს იხსენებს:

”როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა გასულ კვირაში თბილისში, ასოცირების შესახებ შეთანხმება არ წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანს... და ეს მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის”.
ასოცირების შესახებ შეთანხმება მეტად მნიშვნელოვანია. ეს არ არის ტრადიციული დიპლომატიური შეთანხმება... რას ნიშნავს ასოცირება? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვართ, ხელიხელჩაკიდებული...
ჟოზე მანუელ ბაროზუ


ამგვარ მიდგომას იზიარებს ჟოზე მანუელ ბაროზუც. მართალია, ის ვერაფერს აკონკრეტებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ სამომავლო შესაძლებლობების კარი ღიაა და არავინ იცის, რა მოხდება მომავალში, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ათ წელიწადში ევროკავშირის წევრთა რიცხვი 15-დან 28-მდე გაიზარდა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შემდგომი ნაბიჯები საქართველოს რეფორმატორულ წარმატებებსა და ევროკავშირის ევოლუციის პროცესზე იქნება დამოკიდებული - ამ ეტაპზე კი საქართველომ აწმყოზე უნდა იფიქროს, რადგან ჯერ ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებია შესასრულებელი.

”ასოცირების შესახებ შეთანხმება მეტად მნიშვნელოვანია. ეს არ არის ტრადიციული დიპლომატიური შეთანხმება... რას ნიშნავს ასოცირება? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვართ, ხელიხელჩაკიდებული“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ვიდრე ერთობლივ ბრიფინგს გამართავდნენ, ჟოზე მანუელ ბაროზუ და ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. ოფიციალური ინფორმაციით, მსჯელობა ასოცირების შესახებ შეთანხმების გარშემო მიმდინარეობდა და ”ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე”. ამავე წყაროს ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზების სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესზე.

შეიძლება ითქვას, რომ საგანგებო ყურადღების ცენტრში იყო საქართველოს, როგორც ენერგორესურსების სატრანზიტო ქვეყნის, დიდი პოტენციალი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემაც აცნობა:
კახა კალაძე
კახა კალაძე
”ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, რადგანაც ჩვენი ადგილმდებარეობა პრინციპულად მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ”შაჰდენიზის” მეორე ფაზა. 2014 წელს დაიწყება ამ პროექტის განხორციელება საქართველოს გავლით - დამატებით ბუნებრივი აირის მიწოდება მოხდება თურქეთისთვის და თურქეთის გავლით - ევროპული ქვეყნებისთვის. ჩვენ ყველა ამ საერთაშორისო პროექტში ვიღებთ მონაწილეობას და მომავალშიც გავაგრძელებთ”.

ენერგეტიკის მინისტრის გარდა, დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, შედის კიდევ 4 მინისტრი და 2 სახელმწიფო მინისტრი. ესენი არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და ასევე სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ევროკომისრებთან შეხვედრისას დეტალურად განიხილეს თავიანთი უწყებების მიერ შესრულებული სამუშაო.

მანამდე, 20 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი ჰარვარდის კლუბის წევრებთან შეხვედრით დაიწყო. ვესტერლოს სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა, ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული არჩევანის შეუქცევად სიმტკიცეს და იქაც აღნიშნა, რომ საბოლოო მიზანს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს. შეხვედრას ბიზნესსექტორის ასამდე წარმომადგენელი დაესწრო.

ოფიციალური ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ საქართველოს 13 ივნისს ეწვევა. ის მონაწილეობას მიიღებს ამ დღისთვის თბილისში დაგეგმილ საინვესტიციო კონფერენციაში. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი საქართველოს მხარეს დაჰპირდა, რომ ის ორგანიზებას გაუწევს ამ კონფერენციაში ენერგეტიკის დარგში მომუშავე ევროპული გაერთიანებების მონაწილეობას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG