Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით გაზის შესახებ რუსეთ-ჩინეთის შეთანხმებაზე?


ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ. 2014 წლის 21 მაისი
ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ. 2014 წლის 21 მაისი
ავტორი: ლუკ ჯონსონი

რუსეთი ჩინეთს შეუთანხმდა, რომ წელიწადში მილიარდობით კუბურ გაზს მიაწვდის მომდევნო 30 წლის განმავლობაში. ამ შეთანხმებით რუსეთის სახელმწიფო მონოპოლისტმა კომპანია „გაზპრომმა“ თავისი არსებობის ისტორიაში უდიდესი კონტრაქტი გააფორმა. რა ვიცით რუსეთ-ჩინეთის შეთანხმების შესახებ?

გაზის შესახებ რუსეთ-ჩინეთის შეთანხმებაზე ვიცით ის, რომ 2018 წლიდან 30 წლის განმავლობაში ჩინეთი რუსეთიდან მიიღებს წელიწადში 38 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს. ამ კონტრაქტზე 21 მაისს შანხაიში გაკეთდა განცხადება.

კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელ ალექსეი მილერს კმაყოფილება არ დაუმალავს: „ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა. გაზის სფეროში ჩინეთთან ჩვენს ურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადავედით. ჩინეთის ბაზარი, უბრალოდ, უზარმაზარია. ეს არის „გაზპრომის“ ისტორიაში უდიდესი კონტრაქტი: 38 მილიარდი კუბური მეტრი გაზი! ასეთი კონტრაქტები არც ერთ კომპანიასთან არ გვაქვს. ეს არის მართლაც უზარმაზარი მოცულობის მომარაგება“, ამბობს „გაზპრომის“ ხელმძღვანელი.

კონტრაქტი ნაწილობრივ გასაიდუმლოებულია. არ ამხელენ, მაგალითად, გაზის ფასს, რომელსაც ალექსეი მილერმა „კომერციული საიდუმლო“ უწოდა. თუმცა მილერმა დაასახელა კონტრაქტის მთლიანი ღირებულება, 400 მილიარდი დოლარი, ხოლო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთის მხარე 55 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს, ჩინეთი კი, სულ ცოტა, 20 მილიარდი დოლარის.

სახელმწიფო გაზეთი „იზვესტია“, „გაზპრომში“ თავისი წყაროსაგან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით, იუწყება, რომ ჩინეთთან კონტრაქტით გათვალისწინებული ფასია 350-380 დოლარი 1000 კუბურ მეტრ გაზში. ეს ცნობა მოგვიანებით რუსეთის სხვა საინფორმაციო საშუალებებმაც გაავრცელეს.

თუმცა ვაშინგტონში დაფუძნებული ბრუკინგზის ინსტიტუტის თანამშრომელი, რუსეთის ეკონომიკის ექსპერტი კლიფორდ გედი როგორც აღნიშნავს, რუსეთ-ჩინეთის კონტრაქტი იმდენ კომპონენტს მოიცავს, რომ ბევრს არაფერს იძლევა ცალკეული მაჩვენებლის, თუნდაც გაზის ფასის ცოდნა.

„თუ ვისაუბრებთ, დავუშვათ, ფასზე, ვისაუბრებთ, დავუშვათ, კრედიტის საპროცენტო განაკვეთსა და კრედიტის მოცულობაზე ან ავანსის გადახდაზე, ნებისმიერი ასეთი ცალკული მონაცემი სინამდვილეში არაფერს გვეუბნება, თუ არ გვაქვს ინფორმაცია ამ გიგანტური კონტრაქტის პირობების მთელ კომპლექსზე“, - აღნიშნავს ექსპერტი.

ზემოთ უკვე ითქვა, რომ, ახალი კონტრაქტით, ჩინეთისთვის გაზის მიწოდება 2018 წელს უნდა დაიწყოს, თუმცა არ გამორიცხავენ, ვადამ გადაიწიოს, თუ მხარეები დეტალებზე ვერ შეთანხმდებიან.

რას მოასწავებს რუსეთიდან წელიწადში 38 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ჩინეთში გაგზავნა რუსეთის გაზის ევროპასა და უკრაინაში ექსპორტისათვის? ამ შეკითხვის საპასუხოდ, ექსპერტები ამბობენ, რომ უშუალო გავლენა მოსალოდნელი არ არის, რადგან ჩინეთისთვის განკუთვნილი გაზის მოპოვებას აღმოსავლეთ ციმბირში მდებარე საბადოებიდან აპირებენ, მაშინ როცა ევროპაში, უმეტესწილად, დასავლეთ ციმბირში მოპოვებული გაზი მიდის.

კლიფორდ გედი მაინც არ გამორიცხავს, რომ ჩინეთთან კონტრაქტმა გავლენა მოახდინოს ევროპაში საექსპორტო გაზის ფასებზე: რუსეთი, ჩინეთში ალტერნატიულ ბაზარზე გასვლის შემდეგ, უფრო ძლიერი პოზიციიდან დაელაპარაკება დასავლელ კლიენტებს.

მოსკოვისათვის იოლი ამოცანა არ აღოჩნდა ჩინეთთან კონტრაქტის გაფორმება. მხარეები 10 წელიწადზე მეტხანს აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, ფასზე ვერ რიგდებოდნენ. საყურადღებოა, რომ ვიდრე 21 მაისს ჩინეთთან კონტრაქტს გააფორმებდა, მოსკოვი უკრაინას დაემუქრა გაზის ექპორტის შეწყვეტით, თუ კიევი წინასწარ არ გადაიხდის ბუნებრივი აირის საფასურს.

„აშკარად, რუსები უფრო ძლიერი ზეწოლის ქვეშ არიან შეთანხმების ბოლომდე მისაყვანად. ეს პროპაგანდისთვის სჭირდებათ. ეს სურთ კონკრეტული მიზნებისთვის - დივერსიფიკაციისათვის, დასავლეთზე დამოკიდებულების მოსახსნელად, რაც არ ნიშნავს, რომ (კონტრაქტი) უსამართლოა, არ ნიშნავს, რომ ჩინელები ბოროტად სარგებლობენ რუსების ამ მდგომარეობით. და თუ ასეა, - თუ არსებობს დამატებითი საფასური, რომელსაც რუსები ამ კონტრაქტით იხდიან, - მათთვის მისაღებია ამის გაკეთება, რადგან ეს მათთვის ამ მომენტშია მნიშვნელოვანი“, ამბობს ექსპერტი. ამ მომენტში იმიტომ, განმარტავს კლიფორდ გედი, რომ მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია ევროპელები, ზოგადად, დასავლეთი მივიდეს დასკვნამდე, რომ რუსეთს - მის ენერგოსექტორს - ბევრს ვერაფერს დააკლებს თავისი სანქციებით.
XS
SM
MD
LG