Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეცვლის არჩევნების შედეგები ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეცვლის ეს არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტს: ამ არჩევნების შედეგები ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მასობრივად დაკარგა ამომრჩეველი, თუ, პირიქით, ეს არჩევნები მომასწავებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რადარიდან გაქრობისა? რა როლს ითამაშებს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ ორი პარტია, რომლებმაც შეძლეს საარჩევნო ბარიერის გადალახვა?

არჩევნების შედეგების ინტერპრეტაციისას უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვა მონაცემებზე ამახვილებენ ყურადღებას და განსხვავებული დასკვნები გამოაქვთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაგალითად, არჩევნების შედეგები არსებული კურსისა და მმართველი პარტიის მხარდაჭერად გამოაცხადა. მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა მაჟორიტარული წესით გამარჯვებულ კანდიდატებზე და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტის,“ნაციონალური მოძრაობის“, რეიტინგს ყველაზე უკეთ სწორედ აქ მიღებული შედეგები ასახავს:

„რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც მეორე ადგილის პრეტენზია აქვთ, ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას", მათ მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ 6,1%-ის გაყვანა შეძლეს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%“.

სხვანაირად უყურებენ არჩევნების შედეგებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, განაცხადა, რომ არჩევნების შედეგად მისმა პარტიამ მდგომარეობა განიმტკიცა, „ქართული ოცნების“ პოზიციები კი, პირიქით, შესუსტდა. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ამ არჩევნებმა აჩვენა, თუ როგორ გაუცრუვდა მოსახლეობას მმართველი პარტიის იმედი. მანვე აღნიშნა, რომ არჩევნებმა აჩვენა არა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება, როგორც ამას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, არამედ, პირიქით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისსა და დიდ ქალაქებში პოზიცია გაიმყარა.

პოლიტიკოსების მსგავსად, განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ ანალიტიკოსები. პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები, მართლაც, მოწმობს, რომ ამომრჩეველთა ნაწილს გული აუცრუვდა „ქართულ ოცნებაზე“, თუმცა, მისი აზრით, ეს იმედგაცრუება „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრს არაფერს აძლევს. გიორგი ცხადაია ამბობს, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა, „ნაციონალების“ მხარეს არ გადასულა. „ვინც მანამდე იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ახლა იმედი გაუცრუვდა, მათი ხმა, სავარაუდოდ, „პატრიოტთა ალიანსს“ ან ნინო ბურჯანაძეს მიუვიდოდა“, - უთხრა გიორგი ცხადაიამ რადიო თავისუფლებას.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი კი ხაზს უსვამს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგად მანდატების დიდი უმრავლესობა მოიპოვა და ამბობს, ეს მანდატები კოალიციას საშუალებას აძლევს გადაწყვეტილებებიც ერთპიროვნულად მიიღოს და, სურვილის შემთხვევაში, უნდობლობა გამოუცხადოს პირდაპირი წესით არჩეულ გამგებლებსა და ქალაქის მერებსო.

კოტე კანდელაკის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ოთხპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი კიდევ ორმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა. მისი თქმით, მართალია, ამ პარტიებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამართლებრივი ჩარევის ბერკეტები არ ექნებათ, მაგრამ შეეძლებათ საკრებულოებში ოპოზიციური სპექტრის გაძლიერება და ეს შესაძლებლობა მთლიანად მათ აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.

გიორგი ცხადაიას აზრით კი, შემდგომში ამ პარტიების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაა სავარაუდო. მას მაგალითად მოჰყავს საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტიების წარმატება და ამბობს, თუ ამომრჩეველს იმედგაცრუება გაუღრმავდა მმართველ ძალასთან მიმართებით, ეს „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციისა“ და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გაძლიერებას გამოიწვევსო.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG