Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ნატოსგან MAP-ის ნაცვლად ”არსებით პაკეტს” მიიღებს


მაია ფანჯიკიძე, ანდერს ფოგ რასმუსენი. 2014 წლის 25 ივნისი
მაია ფანჯიკიძე, ანდერს ფოგ რასმუსენი. 2014 წლის 25 ივნისი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტზე საქართველო აღარ უნდა მოელოდეს MAP-ის მიღებას - განცხადება ამის თაობაზე 25 ივნისს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა. ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, ასევე ითქვა, რომ საქართველო ”არსებით პაკეტს” მიიღებს. დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

25 ივნისს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა წერტილი დაუსვა მრავალთვიან კამათსა და ეჭვებს იმის შესახებ, მიიღებს თუ არა საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP) სექტემბერში უელსის სამიტზე. ალიანსის გენერალურმა მდივანმა გარკვევით თქვა, რომ საქართველოს, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ნატოსკენ დაახლოების გზაზე, ასეთი მოლოდინი მაინც არ უნდა ჰქონდეს:

”უელსის სამიტი არ შეეხება გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP), არამედ ის შეეხება მეტ მხარდაჭერას, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდეს ნატოს. ეს იქნება არსებითი პაკეტი და ჩვენ ამ პაკეტზე ვიმუშავებთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის პროცესში - ამ წუთიდან სამიტამდე“.

საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები ნატოში გაწევრიანების თაობაზე, თუკი ამისთვის მზაობა იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან. დღეს ჩვენ ვატყობთ, რომ ასეთი მზაობა ცალკეული წევრების მხრიდან არ არის...
ალექსი პეტრიაშვილი

ანდერს ფოგ რასმუსენი აღნიშნავს, რომ ნატოს კარი ღია რჩება და, ასევე, კვლავაც ძალაშია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მძლავრი იქნება ამ გზაზე წინსვლისთვის ალიანსის მიერ დაპირებული ”არსებითი პაკეტი”, რომლის თაობაზეც ჯერჯერობით არაფერი კონკრეტდება.

ბრიუსელში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც თავად შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, იმედოვნებს, რომ საქართველოს ალიანსი მასთან დასაახლოებელ არსებით მექანიზმს სთავაზობს:

”ალბათ, ძალიან მალე იქნება განხილული და, ალბათ, ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რა კონკრეტული ქმედითი ინსტრუმენტები იქნება შემუშავებული ამ პაკეტის შიგნით. ეს ემსახურება იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო დააკავშიროს ნატოს და კიდევ უფრო დააახლოოს თავის მიზანთან - გახდეს ნატოს წევრი”.

სამომავლოდ, ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებით ოპტიმისტურად არის განწყობილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, თუმცა ალექსი პეტრიაშვილის 25 ივნისის კომენტარში იკვეთება უკმაყოფილების შტრიხები, რაც ნატოს ამჟამინდელი პოზიციით არის გამოწვეული:

”როგორც ჩანს, ნატოს გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებით საკმაოდ ზომიერი დამოკიდებულება აქვს. ჩვენ უნდა მივიღოთ მაქსიმუმი ამ ზომიერი დამოკიდებულების გათვალისწინებით. შესაბამისად, მუშაობა გაგრძელდება... საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები ნატოში გაწევრიანების თაობაზე, თუკი ამისთვის მზაობა იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან. დღეს ჩვენ ვატყობთ, რომ ასეთი მზაობა ცალკეული წევრების მხრიდან არ არის”.

ბევრი თვლის, რომ MAP-ის მიღება-არმიღების საკითხი პირდაპირ არ უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების თემას, რადგანაც გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება გარანტიას არ იძლევა და ნატო საქართველოს გამო არ ჩაებმება სამხედრო კონფლიქტში. თუმცა MAP-ს სწორედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს მექანიზმად განიხილავს საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია:

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

”MAP-ის მოცემა საქართველოსთვის ან ნებისმიერი სახის ქმედითი სიგნალი რუსეთთან მიმართებაში, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება (თუნდაც არა დღეს, მაგრამ მალე) და რეალური ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით - ეს იქნებოდა გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ რუსეთი თავისი აგრესიული პოლიტიკით ვერ აფერხებს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. და ეს გააძლიერებდა ჩვენს უსაფრთხოებას. უსაფრთხოების გარანტია, რა თქმა უნდა, არ იარსებებდა, ვიდრე არ გავხდებით წევრი, მაგრამ ეს იქნებოდა ერთადერთი გზა”.

იმის გამო, რომ ჯერჯერობით არ ხმაურდება საქართველოსთვის გამიზნული ”არსებითი პაკეტის” დეტალები, ელენე ხოშტარია ჩვენთან საუბრისას თავს იკავებს პესიმისტური შეფასებების გაკეთებისგან. ის ამბობს, რომ MAP-ი იდეფიქსი არ არის და რომ მისასალმებელი იქნება ახალი პაკეტიც, თუკი ის ქმედითი და რუსეთის გასაგონად მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალების შემცველი იქნება. ამასთან, პარალელურად, ნატოში გაწევრიანებამდე, ელენე ხოშტარია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ზრუნვას საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფასა და საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დასავლეთის ცალკეული ქვეყნების - მაგალითად, შეერთებული შტატების - მაქსიმალურ ჩართულობაზე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემატიკაში, როგორც დიპლომატიური, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სახით. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ არასაკმარისია საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა ნატოში ინტეგრაციის კუთხით და რომ საერთაშორისო ასპარეზზე მეტი აქტიურობა და უფრო ზუსტი და ნათელი აქცენტების დასმაა საჭირო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25 ივნისის კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, საჰაერო თავდაცვისა თუ სხვა საჭირო შეიარაღების მიწოდებაზე საქართველო ნატოს წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებას ორმხრივ ფორმატში აწარმოებს. ირაკლი ალასანია არ აკონკრეტებს, ვისთან და როგორ, თუმცა ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და შედეგები, სავარაუდოდ, ძალიან მალე გახდება ცნობილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG