Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომი: ხელისუფლება გამოძიების დაჩქარებაზე ალაპარაკდა


აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრები მუხათგვერდის სასაფლაოზე
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრები მუხათგვერდის სასაფლაოზე

8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ექვსი წლის შემდეგ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ტრადიციულად შეკრებილმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოძიებული აგვისტოს ომის ყველა დანაშაული. „უნდა გამოვიძიოთ ომის ყველა დეტალი და ნიუანსი. ამას ითხოვს ჩვენგან ჰააგის სასამართლო და თუ ჩვენ არ გავაკეთებთ, ამას გააკეთებს თავად ჰააგის სასამართლო“, - განაცხადა 8 აგვისტოს, დილით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი, თავის თანაგუნდელებთან ერთად, გვირგვინებით შეამკო.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, უკვე მეექვსე წელია, 8 აგვისტოს სურათი არ იცვლება. ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრები და ახლობლები მათ საფლავებთან იკრიბებიან და დაღუპულ გმირებს იხსენებენ. ზოგიერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირის საფლავი დღემდე არ არსებობს. მათ შორისაა შმაგი ნოზაძეც. მის დედას, რუსუდან ჩუთლაშვილს, მხოლოდ სანთლის დანთება შეუძლია შვილის სურათთან. ორი წელია შვილის ცხედრის ადგილსამყოფლის შესახებ აღარაფერი სმენია - არც ტყული და არც მართალი:

„9-ში გავიგეთ, რომ დაჭრილი დატოვეს... დღემე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. თუმცა მას მერე ასჯერ მოგვიკლეს და გაგვიცოცხლეს, იმდენი ინფორმაცია მოდიოდა. თუმცა ყველაფერი ტყუილ ვერსიაზე აგებული ინფორმაცია იყო. მას მერე არც არაფერი ვიცით..."

ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ვალდებულება, რომ ამ ომის ყველა დეტალი გამოვიძიოთ. ჯერჯერობით გამოძიება არ დასრულებულა, თუმცა ეს არის ჰააგის სასამართლოს პირდაპირი მოთხოვნა, რომ სწორედ ჩვენმა სახელმწიფომ გამოიძიოს ომის დანაშაულები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თავად გამოიძიებს ამ ომს...
ირაკლი ღარიბაშვილი

ლენა თანდაშვილიც ომში დაღუპულ შვილზე, ალექსანდრე თანდაშვილზე, გვიამბობს. მას თავისი შვილის ცხედარიც არ უნახავს. მეექვსე წელია, რვა აგვისტოს მუხათგვერდის სასაფლაოზე მოდის და ამ ამბავს ჰყვება:

„ჩემი შვილი ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა, კაპიტანი ალექსანდრე თანდაშვილი. ცხინვალში დაიღუპა, ნაძვნარში. თვრამეტი დღე ჩვენი შვილები იქ დაუმარხავები ეყარნენ. ამ თვრამეტი დღის მერე გადმოასვენეს ილია მეორის დახმარებით. ცხედრებიც არ გვინახავს... ასე, გადმოცემით, ხან რას ვიგებდით, ხან რას, მეტი არაფერი გაგვიგია“.

8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა, ტრადიციულად, დილიდანვე გამოჩნდნენ მთავრობის წარმომადგენლები, რომლებმაც გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებს საქართველო დღემდე იმკის. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ომში დაღუპული გმირების ოჯახებს სახელმწიფო მუდამ მხარში დაუდგება. პრემიერმა განაცხადა, რომ ომის ყველა დანაშაული ბოლომდე უნდა გამოიძიონ:

„სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად, ომის თავიდან აცილება ვერ შევძელით და მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები, დაკარგული კოდორის ხეობა, დაცლილი სოფლები შიდა ქართლში, ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ვალდებულება, რომ ამ ომის ყველა დეტალი გამოვიძიოთ. ჯერჯერობით გამოძიება არ დასრულებულა, თუმცა ეს არის ჰააგის სასამართლოს პირდაპირი მოთხოვნა, რომ სწორედ ჩვენმა სახელმწიფომ გამოიძიოს ომის დანაშაულები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თავად გამოიძიებს ამ ომს“.

აგვისტოს ომის გამოძიების აუცილებლობაზე ილაპარაკა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ ამ დანაშაულთა გამოძიება საქართველოს პრესტიჟის საქმეა:

„2008 წლიდან დაიწყო ომის გამოძიება და რამდენიმე ათასი ადამიანი დაკითხეს კიდეც, მაგრამ შემდგომ ეს პროცესი შენელდა და გამოძიება არ გაგრძელდა იმავე ინტენსივობით. დღეს ეს პროცესი ისევ აღდგა, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაო ისევ ძალიან ბევრია. თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“.

გიორგი მარგველაშვილი მუხათგვერდის საფლაოზე
გიორგი მარგველაშვილი მუხათგვერდის საფლაოზე

გმირთა მემორიალთან რვა აგვისტოს მივიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მინისტრთა კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა, უმრავლესობის წევრები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი. ამ უკანასკნელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ვალია პატივი მიაგონ ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კი რვა აგვისტოს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა მსგავსი მსხვერპლი აღარასოდეს განმეორდეს;

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ამ ტიპის მსხვერპლი, რადგან გმირები ჩვენ გვჭირდება ცოცხლები“.

2008 წლის აგვისტოს ომის მე-6 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

„2008 წლის აგვისტოს ომის ექვსი წლის თავზე საოკუპაციო ძალები კვლავაც ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომლის შედეგად უხეშად ილახება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, ხოლო ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის ასიათასობით მსხვერპლს არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.
საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალი მოწოდების მიუხედავად, კვლავ ირღვევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. საერთაშორისო ვალდებულებების სრული უგულებელყოფით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს მავთულხლართების გავლებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი, რაც არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, უპირველესად, თავისუფალი გადაადგილების უფლებას“.

ჯარისკაცები მუხათგვერდის სასაფლაოზე
ჯარისკაცები მუხათგვერდის სასაფლაოზე

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

ცნობილია ასევე, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შიდა მოკვლევა დაასრულა. გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, უახლოეს ხანებში გადაწყდება დოკუმენტის რომელი ნაწილი გასაჯაროვდეს. საქართველოს მთავარ პროკურატურაში კი აგვისტოს ომის გამოძიება დღემდე გრძელდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG