Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხის გარეთ


სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2013 წელს განხორციელებული საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული 8 747 პატიმრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის გამო უკან, ციხეში, 1 075 ადამიანი დაბრუნდა. ამ სიუჟეტის გმირი, ყოფილი პატიმარი, აცხადებს, რომ გარშემო მისი მსგავსი არაერთი ადამიანია, ვინც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვერც სამსახური იშოვა, ვერც ოჯახში იპოვა მხარდაჭერა, არც სახლი გააჩნია და არც გულშემატკივარი. ზოგი გამოსავლის ძებნაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაშიც ჩაერთო, მაგრამ მათი ცხოვრება უკეთესობისაკენ არ შეცვლილა. ვინ ზრუნავს ყოფილი პატიმრების ბედზე, მათ რეაბილიტაციასა და ცხოვრებაში დაბრუნებაზე ციხეში და მის გარეთ და როგორ გრძელდება პატიმრების ცხოვრება საპატიმროების დატოვების შემდეგ?

ყოფილ პატიმარ გიორგი ბერიძეს პირველად შარშან ნოემბერში შევხვდით. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრში კომპიუტერის შემსწავლელი კურსის სერტიფიკატი გადასცეს. სპეციალურად ყოფილი პატიმრებისათვის შექმნილი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კურსები მაშინ უკვე გავლილი ჰქონდა. ამ სერტიფიკატით ხელში, უკან, სახლში, იმ იმედით წავიდა, რომ ხვალ თუ არა ზეგ მაინც რამე სამსახურს იშოვიდა. ოთხი თვის შემდეგ ისევ შევეხმიანეთ. სამსახური არაფერი ჩანსო, გვითხრა. შეხვედრა ვთხოვეთ და დროც დავთქვით. ამ სატელეფონო ზარიდან მეორე დღეს უეცრად გიორგის ახლობელმა ხელოსანმა წითელ ხიდზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე, დროებითი სამუშაო შესთავაზა. ჩვენი შეხვედრაც დასვენების დღეს დავამთხვიეთ, როცა დაგროვილი ვალების გადასახდელად და ტანსაცმლის გასარეცხად ერთი დღით თბილისში დაბრუნდა.

„აი, ესაა. საერთო საცხოვრებელია. დევნილები ცხოვრობდნენ და ჩვენც შემოვსახლდით“.

დედაქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 40 წუთის სავალზე, აფრიკის დასახლების შესასვლელში, გზისპირას, შესამჩნევად სარემონტო ნაცრისფერი შენობა დგას. მის წინ მდგარ ორ ხეს შორის გაბმულ თოკზე გაფენილი სარეცხი შრება. ცივი დღეა და გარეთ არავინაა. ცუდად განათებულ კიბეზე ავდივართ, გიორგი წინ მიდის. დერეფანში ბნელა. გიორგი საერთო საცხოვრებელში თავისი კუთვნილი ორი ოთახისაკენ გზას გვიჩვენებს. სიბნელეში ბუნებრივი აირის ცისფერი ალი მოჩანს. მცირე ზომის გაზქურაზე ქვაბია შემოდგმული. სამზარეულო საერთოა, აბაზანა და ტუალეტიც.

რაც ციხიდან გამოვიდა, აქ დედასთან ერთად ცხოვრობს. ციხეში 2010 წლის 2 ოქტომბერს მოხვდა - პოლიციისათვის გაწეული წინააღმდეგობისათვის. 2013 წლის 25 იანვარს საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

დედა ისნის მეტროსთან წვრილმანი საქონლით ვაჭრობს. მზესუმზირა, ბატიბუტი, ქაღალდის ხელსახოცები, უცებ ჩავლილი გამვლელი რომ ხელს გააყოლებს. ის 53 წლისაა. ადრე სკოლაში ხატვა-ხაზვის პედაგოგი იყოო, გვიყვება გიორგი. ადრე, სანამ ყველაფერი აირეოდა:

„თოიძის სახელობის სასწავლებელი აქვს დამთავრებული. რკინიგზის საჯარო სკოლაში ასწავლიდა, მაგრამ მერე ცხოვრება სულ უკან-უკან წავიდა და დღეს, აი, ქუჩაში ზის და ვაჭრობს“.

მათი მთავარი შემოსავალიც ამ მცირე ნავაჭრიდან მიღებული ფულია. თავად გიორგის იშვიათად უცებ ნაშოვნი დროებითი სამსახური თუ გამოუჩნდება ხოლმე. მუდმივი სამუშაოს პოვნის იმედი არც აქვს. კომპიუტერის შემსწავლელი კურსების გავლის სერტიფიკატი აქვს, მაგრამ კომპიუტერი არა. რაც ისწავლა, ისიც აღარ ახსოვს. მის გარშემო ასეთი არაერთი ყოფილი პატიმარია, რომელმაც საკუთარი გზა ვერ იპოვა:

„ძირითადად დედაჩემზე და მის შემოსავალზე ვარ ჩამოკიდებული. სეზონურად, როგორც ახლა, თუ რამე გამოჩნდება, ვმუშაობ ხოლმე. ყველაფერზე თანახმა ვარ, მაგრამ ასეთი სამსახურიც ძნელი საშოვნელია. სხვებიც სულ ასე არიან - პატიმრების 99%. ის ერთი პროცენტია, ვისაც პატრონი ჰყავდა და რაღაც გზაზე დადგა. ბევრიც უკან, ციხეში, დააბრუნეს. გამოდიხარ იქიდან გაღიზიანებული, აქ გხვდება არაფერი - არა სახლი, არა კარი, აღარც ოჯახი, არც ფული. ადგები, დალევ. დალევ - რამეს გააფუჭებ, წაგიყვანენ უკან, ციხეში. სულ ასეთი წრეა. გამოუვალი. თორემ, რა ვიცი, ვის უნდა უხაროდეს იქ დაბრუნება? იქ როცა ხარ, სულ გარეთ გასვლაზე ფიქრობ. გამოხვალ და ახლა იმაზე იწყება ფიქრი, აქედან როგორ გააღწიო“.

მშობლების დაშორების შემდეგ გიორგი ბავშვთა სახლში იზრდებოდა. ერთი მთლიანი ოჯახი იყო, ყველა ერთმანეთს ვედექით მხარშიო, იხსენებს. მაშინდელი ოცნებებიდან ჯერ არაფერი ახდენილა. იმედი ჰქონდა, რომ სამსახურს მაინც აუცილებლად იშოვიდა, „კარგი ცხოვრება“ ექნებოდა.

გიორგის მამის კუთვნილი გასარემონტებელი ბინა ლილოს დასახლებაში დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობის გამო დაიკარგა. როცა გიორგიმ მამასთან ურთიერთობა განაახლა და მისი ხელახლა გაცნობა დაიწყო, მამა გარდაიცვალა. ერთი პერიოდი ქირით ცხოვრობდნენ. მერე, ისევ მამის ნაცნობების დახმარებით, აქ, აფრიკაში, ამ საერთო საცხოვრებელში აღმოჩნდნენ. ამ ზამთარს ელექტროენერგიაზე დიდი გადასახადი მოვიდაო, ამბობს გიორგი, 30 ლარი. ამდენს, როგორც წესი, არ ვწერთო. ფანჯრებიდან ქარი უბერავს, მეზობლისგან ნათხოვარი ძველი ელექტროქურა რომც ჩართო, ოთახს ვერ გაათბობს. აზრი არა აქვს, ამბობს. ბუნებრივი აირი შემოყვანილი არ არის - „ძვირი ჯდება“:

„აი, იქ საერთო ტუალეტია, წყალს გააცხელებ ვედროთი, წაიღებ და დაიბან. გაზი? არა, რა გაზი. ერთი დენია, აი, რასაც ხედავ, და ეს ტელევიზორი. ეს დენიც რომ წავიდეს, ჩათვალე, რომ ქვის ხანაში ვარ. არც წყალი მაქვს შიგნით შემოყვანილი. ძვირი ჯდება.. მე რომ შვიდ თვეში ერთხელ ვიმუშავებ და ორას ლარს ავიღებ, რას ეყოფა? ლინოლეუმია ბეტონზე გადაგებული. ამას იმდენი ფული უნდა, რომ იატაკი დაეგოს. გაზის შემოყვანასაც. ზამთარშიც. ეს “პლიტა“ მეზობელმა გვათხოვა და კი გვენთო ხანდახან, მაგრამ იმდენი მოვიდა გადასახადი“...

დღეები ერთმანეთის მსგავსია. დილა. ტელევიზორი. მარტო ყოფნა. შიგადაშიგ მაღაზიაში წასვლა. ხანდახან დედას მიაკითხავს ხოლმე - ნახავს, ხომ არაფერი სჭირდება. მერე ისევ სახლი. ისევ ტელევიზორი. ახლა ზეთია მოსატანი. მაღაზია, სახელად „ზღაპარი“,რომელიც აფრიკის დასახლების ცენტრალურ ნაწილში დგას და, როგორც გიორგი ამბობს, საბითუმო ფასებში ყიდიან პროდუქციას, მისი საერთო საცხოვრებლიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზეა.

„ათი საათის მერე აქ აღარაფერი აღარ ხდება. მკვდარია. არც ტრანსპორტი. არც ადამიანი. გგონიათ, მიყვარს აქ ყოფნა? ვერ ვეგუები, მაგრამ რას იზამ!..“

სამიოდე კვირაა, რაც დროებითი სამუშაო გამოჩნდა მშენებლობაზე. დღეში 15 ლარს უხდიან. ადამიანებთან ურთიერთობაში დრო მალე გადის, დარდისთვისაც ნაკლები დრო რჩებაო. იქნებ ამ სამუშაოს კიდევ სხვა მოჰყვეს, თუნდაც დროებითიო - გიორგი ამბობს, რომ არანაირ შანსზე უარს არ ამბობს, არც ერთ პროგრამაში ჩართვაზე, არც ერთ ტრენინგში მონაწილეობაზე, ოღონდ რამეში გამოიყენოს, ოღონდ უკან, ციხეში, არასოდეს დაბრუნდეს. თუმცა მუდმივი სამსახურის პოვნა ამ დრომდე შეუძლებელი აღმოჩნდა. ამბობს, რომ ბევრი არაფერი იცის და, შესაბამისად, პრესტიჟულ ადგილებში დასაქმების პრეტენზია არ აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ ყოფილი პატიმრების დასაქმებისათვის სახელმწიფოსაც შეუძლია რაღაც ნაბიჯები გადადგას:

„სულ ვფიქრობ, რაღაც ტენდერები რომ ცხადდება, იქნებ სახელმწიფომ კერძო კომპანიებს ჩაუდოს კონტრაქტში, რომ რამდენიმე ჩემნაირი ადამიანი დაასაქმოს ან გზის მშენებლობაზე, ან რამე მსგავს საქმეზე. აიყვანონ ყოფილი პატიმრები, რომ ცხოვრებაში დაბრუნების შანსი ჩვენც მოგვეცეს. ყველა იმუშავებს. თუნდაც უფრო ნაკლებ ანაზღაურებაზე, ვიდრე სხვებს უხდიან“.

დასჯა და არა რეაბილიტაცია

„წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დირექტორის ლელა ცისკარიშვილის აზრით, პრობლემის სათავე საქართველოში გამოსწორების ნაცვლად დასჯაზე ორიენტირებული სასჯელაღსრულების სისტემაა. მისი აზრით, რეაბილიტაციის პროგრამების ეფექტურობაზე ლაპარაკი სწორედ ამ სისტემის შეცვლის შემდეგ შეიძლება:

„მთავარი პრობლემა, ვფიქრობ, მაინც ციხის შიგნითაა. იქ რაც არ უნდა ასწავლონ, კომპიუტერი თუ ხეზე კვეთა, იმდენად სხვა ფუნდამენტი აქვს დღეს სასჯელაღსრულების სისტემას, იმდენადაა ფესვგადგმული კრიმინალური ავტორიტეტი ციხის შიგნით, რომ თუ ეს არ შეიცვალა, თუ არ დაისვა ზუსტი დიაგნოზი რა ხდება იქ და ამ დიაგნოზის შემდეგ არ ვუმკურნალეთ ამ სისტემას, ძალიან რთული იქნება სარეაბილიტაციო პროცესების წარმართვა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრებზე ზეწოლის ფაქტები რადიკალურად შემცირებულია, სამაგიეროდ, საგრძნობლადაა გაზრდილი პატიმართა შორის ძალადობის ფაქტები, საკმაოდ ქაოსური მდგომარეობაა ამ მხრივ ციხეში და ამასაც დრო და სწორი მიდგომა სჭირდება, რომ დალაგდეს“.

ეს პროგრამები გაამართლებს მაშინ, თუ ისინი არ იქნება ფრაგმენტული და გრძელვადიან შედეგზე იქნება გათვლილი. თუ, მაგალითად, პატიმარს ციხეში კონკრეტულ ხელობას ვასწავლით, ეს არ უნდა კეთდებოდეს მხოლოდ თავისუფალი დროის გატარების მიზნით...
ნაზი ჯანეზაშვილი

ლელა ცისკარიშვილი იმასაც შენიშნავს, რომ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ გადადგმული რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯის მიუხედავად, საერთო სურათი ჯერჯერობით არ შეცვლილა. მისი აზრით, პროცესის სწორად წარმართვის შემთხვევაში, შედეგი შესაძლოა ექვს-შვიდ წელიწადში გამოჩნდეს. დღეს კი, ამბობს ლელა ცისკარიშვილი, სოციალურ მუშაკებს ხანგრძლივი მუშაობა უწევთ ყოფილი პატიმრების ფსიქოთერაპიული დახმარების პროგრამებში ჩასართავად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ასეთი მომსახურება მათთვის საჭიროა. ყოფილი პატიმრების უმეტესობას ასეთი პროგრამების შესახებ ან ინფორმაცია არ გააჩნია, ან ნდობა. „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის“ მონაცემები კი უჩვენებს, რომ შედეგიანია იმ ყოფილ პატიმრებთან მუშაობა, ვინც ფსიქოლოგიური დახმარების კურსს ბოლომდე მიჰყვება. ლელა ცისკარიშვილი ამბობს, რომ დასაქმების გარდა არსებობს პრობლემათა მთელი კასკადი, რომელიც პატიმართა რეაბილიტაციას თან სდევს საქართველოში:

„ძალიან დიდია სტიგმა, რის გამოც ბევრ დამსაქმებელს უბრალოდ არ სურს ყოფილი პატიმრების დასაქმება. დიდი სამუშაოა ჩასატარებელი საზოგადოების შოგნით, პატიმრების ოჯახებთანაც, რადგან ხშირია ოჯახში ძალადობა, მიუღებლობა ციხიდან გამოსვლის შემდეგ. ძალიან დიდია პენიტენციური სტრესი, მით უმეტეს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა დასჯაზეა ორიენტირებული და არა რეაბილიტაციაზე“.

ნაზი ჯანეზაშვილი „ციხის საერთაშორისო რეფორმა - საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორია. მას მუშაობა სწორედ ციხეებში არსებულ სარეაბილიტაციო პროგრამებზე უწევდა. მისი შეფასებით, უმთავრესი პრობლემა ციხეში არსებული სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამების არათანმიმდევრულობა და ფრაგმენტულობაა. ნაზი იმასაც აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით 2013 წლის საყოველთაო ამნისტიის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს იმ პატიმრებმა, რომელთა დიდი ნაწილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო. მათ არანაირი სარეაბილიტაციო პროგრამა არ გაუვლიათ და, შესაბამისად, სრულიად მოუმზადებლები დაუბრუნდნენ საზოგადოებას. ციხის სერთაშორისო რეფორმის რეკომენდაციებს შორის არის ისიც, რომ მსგავსი პროგრამები პატიმრებისათვის არ უნდა იყოს ზედაპირული:

„ეს პროგრამები გაამართლებს მაშინ, თუ ისინი არ იქნება ფრაგმენტული და გრძელვადიან შედეგზე იქნება გათვლილი. თუ, მაგალითად, პატიმარს ციხეში კონკრეტულ ხელობას ვასწავლით, ეს არ უნდა კეთდებოდეს მხოლოდ თავისუფალი დროის გატარების მიზნით. ისე მაინც უნდა ასწავლონ, რომ როდესაც ციხიდან გამოვა, შეძლოს ამ უნარების გამოყენება“.

სასჯელაღსრულების სამინისტროს 2015 წლის თებერვლის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელს 10 643 ადამიანი იხდის. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე საყოველთაო ამნისტია 17 747 მსჯავრდებულსა და ბრალდებულს შეეხო. საპატიმრო სასჯელისგან 8 747 ადამიანი გათავისუფლდა. საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა 769 მსჯავრდებულს, ხოლო შეუმცირდა 8 231 მსჯავრდებულს. ციხის დატოვების შემდეგ განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა 1 075-მა ყოფილმა პატიმარმა.

საქართველოში არსებულ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამებზე სიუჟეტი 2014 წლის ბოლოსაც მოვამზადეთ და გავარკვიეთ, რომ ეს პროცესი სამ საფეხურს მოიცავს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, პირველი საფეხური სწორედ ციხეა, მას პრობაციის ეროვნული ბიურო და მისი სერვისები მოსდევს, ბოლოს კი - დანაშაულის პრევენციის ცენტრი, რომლის პროგრამებით სარგებლობა ყოფილი პატიმრებისათვის ნებაყოფლობითია.

ციხის შიგნით

ამ კურსებში უფრო სამოქალაქო განათლების ელემენტებია ჩადებული, პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება - მაგალითად, როგორ უნდა იმგზავროს ტრანსპორტით, სად აიღოს ბარათი, როგორ დარიცხოს მასზე თანხა...
ინგა სარჯველაძე

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე ინგა სარჯველაძე ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წელს ე.წ. საჭიროებათა მოკვლევით იწყებენ. ყველა დაწესებულებაში გზავნიან კითხვარს, რომელსაც ყველა ის მსჯავრდებული ავსებს, ვისაც ამის სურვილი აქვს. მათი სურვილების შეჯამების შემდეგ კი საქმეში განათლების სამინისტრო ერთვება, რომელიც ციხეებში არაფორმალურ განათლებას უზრუნველყოფს. სახელობო პროფესიული კურსების ნაწილს სწორედ ის აფინანსებს, ნაწილზე კი ტენდერი ცხადდება და საჭირო სერვისებს თავად სასჯელაღსრულების უწყება შეისყიდის.

ქალებს სთავაზობენ დალაქის კურსებსა და ხელსაქმეს - ქარგვისა და კერვის კურსებს, მამაკაცთა დაწესებლებებში კი ხეზე ან მინანქარზე მუშაობას ასწავლიან. არის გიდობის შემსწავლელი, მცირე ბიზნესის წარმოების კურსი. წელს დაემატა მართვის მოწმობის ასაღები კურსის თეორიული ნაწილიც. ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს კომპიუტერულ კურსებზე, რაც ქალთა კოლონიაშია, - ამბოს ინგა სარჯველაძე. ეს, რაც შეეხება განათლებას. მეორე ნაწილი არის ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო ტრენინგები და პროგრამები, რომელსაც სისტემაში მომუშავე ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ახორციელებენ.

არსებობს კიდევ ერთი პროგრამა, „მომზადება გათავისუფლებისთვის“, რომელიც 2014 წელს მომზადდა და ითვალისწინებს პატიმრების მომზადებას გარეთ გამოსასვლელად გათავისუფლებამდე სამი თვით ადრე.

„ამ კურსებში უფრო სამოქალაქო განათლების ელემენტებია ჩადებული, პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება - მაგალითად, როგორ უნდა იმგზავროს ტრანსპორტით, სად აიღოს ბარათი, როგორ დარიცხოს მასზე თანხა, ან როგორია განათლების სისტემა ქვეყანაში, ან ვის უნდა მიმართოს კონკრეტული დოკუმენტის საჭიროების შემთხევვაში და ა.შ.“

იმისათვის, რომ სერვისები ფრაგმენტული არ იყოს, ინგა სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ისინი სასჯელაღსრულების სისტემაშივე უნდა იყოს დანერგილი, ბენეფიციარებს კი ინდივიდუალურად უნდა უდგებოდნენ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გამოირიცხება სარეაბილიტაციო პროგრამების ფრაგმენტულობა.

პრობაცია - ნაბიჯები ადაპტაციისკენ

ყოფილი პატიმრის რეაბილიტაციის პროცესი პრობაციის ბიუროს შესაბამის სამსახურებში გრძელდება. პრობაციის ბიუროს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი ნინო შატბერაშვილი გვიხსნის, რომ პროცესი მოიცავს ფსიქოსოციალურ დახმარებას - დამოკიდებულების დაძლევაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობა-რეკრეაციაზე ორიენტირებულ სარეაბილიტაციო პროგრამებს. ბიურო ცდილობს ყოფილ პატიმრებს გარკვეული უნარ-ჩვევები დასაქმების კუთხითაც შეასწავლონ, რათა შრომის ბაზარზე გზა შედარებით ადვილად გაიკვლიონ.

ყოველთვის ვერ, მაგრამ შიგადაშიგ ეს პროცესი წარმატებითაც სრულდება. მშობლები სოციალურ მუშაკებთან საუბარში ჰყვებიან, როგორც იცვლება მათი შვილების ცხოვრება ამ სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვის შემდეგ უკეთესობისაკენ, მოგვითხრობს ნინო შატბერაშვილი. მისივე თქმით, განსაკუთრებით იცვლება არასრულწლოვანთა ქცევა - კონტაქტი მშობლებთან იზრდება, იცვლება დამოკიდებულებაც ოჯახის წევრების მიმართ.

ნებაყოფლობითი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია

პროგრამა, რომელსაც იუსტიციის სახლთან არსებული დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს, 2013 წლიდან ამოქმედდა. ამ დრომდე ცენტრს სულ 1 557-მა ყოფილმა პატიმარმა მიმართა. მათგან დასაქმდა 143. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ყოფილ მსჯავრდებულთან საშუალოდ ექვსი თვის განმავლობაში სოციალური მუშაკი მუშაობს. სხვა მომსახურებებთან ერთად, სახელმწიფო ამ პროგრამაში ჩართულ ყოფილ პატიმრებს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. პროგრამის ნაწილია პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობაც. ცოტა ხნის წინ ცენტრმა თავისი ბენეფიციარებისათვის ახალი პროექტის - „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის" - განხორციელება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის სურვილი 70-მდე ყოფილმა პატიმარმა გამოთქვა. მათგან შემდეგ ეტაპზე 40 ყოფილი პატიმარი გადავიდა. მარტის ბოლოს კი 15 გამარჯვებული ბიზნესიდეის ავტორი მიიღებს გრანტს. სულ საგრანტო ბიუჯეტი 56 000 ლარია. ამ პროგრამის მონაწილე 500 ყოფილ პატიმარს დღეს მუნიპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის ბარათი აქვს.

ეს ბარათი - უფასოდ მგზავრობის - აქვს გიორგი ბერიძესაც. მასაც შეუძლია ჩაჯდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სადმე წავიდეს. ოღონდ ეს „სადმე“ ხშირად გაურკვეველი ადგილია, რადგან წასასვლელი არსადაა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG