Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი და კერი განიხილავენ ირანის შესახებ შეთანხმებას


კრემლის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართეს შეხვედრა და განიხილეს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში არსებული მნიშვნელოვანი რეგიონული და საერთაშორისო საკითხები. შეხვედრა შედგა 29 მარტს, გვიან საღამოს, მას შემდეგ, რაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ირანის წარმომადგენლებთან. ახლოვდება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩარჩო შეთანხმების მიღწევისთვის დაწესებული ბოლო ვადა, 31 მარტი. ჩარჩო შეთანხმებამ საფუძველი უნდა შეუქმნას საბოლოო ხელშეკრულებას, რომელიც 30 ივნისამდე უნდა გაფორმდეს. 30 მარტს მოლაპარაკებებს განაგრძობენ წამყვანი დიპლომატები ირანიდან, ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და აშშ-დან. მიზანია ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომ თეირანმა ვერ შექმნას ბირთვული იარაღი. ამის სანაცვლოდ მოიხსნება ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები. როგორც იუწყებიან, თეირანი დათანხმდა მის მიერ გამოყენებული ცენტრიფუგების რაოდენობის შემცირებას და პირობას, რომ გამდიდრებულ ურანს საზღვარგარეთ გაგზავნის. მაგრამ 30 მარტს მხარეებს შორის ჯერ კიდევ რჩება უთანხმოება ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ.

XS
SM
MD
LG