ბაქოში დაკავების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა გიორგი გოგია, უფლებადამცველი და სამხრეთ კავკასიაში „ჰიუმან რაიტს უოჩის“ თანამშრომელი. როგორც თავად გოგია იტყობინება „ფეისბუქით“, მას ბაქოში გადახდა 30-საათიანი „თავგადასავალი“, რომელიც „უპასპორტოდ და ახსნა-განმარტების გარეშე“ გაატარა ბაქოს აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში. გოგია წერს, რომ დეტალებს მოგვიანებით დააზუსტებს. მანამდე, გოგიას შესახებ ინფორმაცია გაავრცელა შვედმა დიპლომატმა და უფლებადამცველმა, ტომას ჰამარბერგმა - მან თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ ქართველი უფლებადამცველი ბაქოს აეროპორტში დააკავეს მაშინ, როცა ის ამ ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის ჩავიდა. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენლის, რეიჩელ დენბერის თქმით, გოგია თბილისიდან 30 მარტს ჩაფრინდა ბაქოში, რათა დასწრებოდა დაკავებული რასულ ჯაფაროვისა და ინტიგამ ალიევის სასამართლო პროცესებს.
ყველაზე პოპულარული
1