ოხოტის ზღვაში ჩაძირული გემის - „დალნი ვოსტოკის“ ეკიპაჟის 63 წევრი ამოიყვანეს წყლიდან. ნაპოვნია 54 დაღუპულის გვამი. კიდევ 15 ადამიანს ეძებენ. ეკიპაჟის ყველა გადარჩენილი წევრი ძლიერად არის გადაციებული. ისინი საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდნენ წყალში, რომლის ტემპერატურა ნოლი გრადუსის ფარგლებში მერყეობს. 10 დაშავებული ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და უგონოდ არის. რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამსახურის ვერტმფრენი, რომელსაც დაშავებულთა ევაკუაცია ევალებოდა, ძლიერი ქარის გამო მაგადანში დაჯდა საწვავის ჩასამატებლად. ტრალერი „დალნი ვოსტოკი“ ხუთშაბათს გამთენიისას ოხოტის ზღვაში, მაგადანიდან 300 კილომეტრში ჩაიძირა. გემზე იმყოფებოდა 132 ადამიანი - რუსეთის, ბირმის, ლატვიის, უკრაინისა და ვანუატუს მოქალაქეები. გემის ჩაძირვის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. სახალინზე საგანგებო შტაბი შეიქმნა. გემის ჩაძირვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სააგენტო „ინტერფაქსის“ წყაროს ცნობით, გემის ჩაძირვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო მცურავ ყინულთან შეჯახება. თუმცა, იმავე წყარომ არ გამორიცხა სხვა ვერსიებიც, მაგალითად, უსაფრთხოების ზომების დარღვევა.
ყველაზე პოპულარული
1