საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უცნობმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი 5 აპრილს დილითაც გაუხსნა. მისი თქმით, შემთხვევა მოხდა გამთენიისას, ვაზისუბნის გადასახვევთან. პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს იგივე პირი იყო, რომელმაც გუშინ ორ პოლიციელს ესროლა, რომელთაგან ერთ-ერთი, ბექა მარგიშვილი დაიღუპა. ბრალდებულის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე. გავრცელებული ცნობებით, სამძებრო სამუშაოების შედეგად პოლიციელებმა მიაგნეს სავარაუდო ნივთმტკიცებულებებს - ტანსაცმელს, ტყვიებს და მანქანას, რომელსაც საქარე მინაზე ტყვიის კვალი აქვს. ბექა მარგიშვილი კოლეგასთან ერთად 4 აპრილს, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. პოლიციელებმა შემოწმების მიზნით გააჩერეს მოქალაქე, რომელმაც მოულოდნელად ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე პოლიციელი დაიჭრა. ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაჭრილიპოლიციელი, ვალერიან გრძელიშვილი საავადმყოფოში რჩება. დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს და პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას საგანგებო განცხადებით მიუსამძიმრა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. „შესაბამისი ორგანოებისგან ჩვენ ველით ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის სწრაფ გამოძიებას. დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი“ - ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში.
ყველაზე პოპულარული
1