Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს „კაბელების საქმის“ განხილვას


15 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოშიგაგრძელდება დილით დაწყებული წინასასამართლო სხდომა ე.წ. „კაბელების საქმეზე“, რომლის გამოც ბრალი წაუყენეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს. მოსამართლისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების წარდგენის გამო სხდომა დახურული რეჟიმით განახლდება, მანამდე კი მხარეები ერთმანეთს შეადარებენ გამოცემულ ოქმებსა და საიდუმლო მტკიცებულებებს. ადვოკატები აპირებენ, მოსამართლეს მიმართონ შუამდგომლობით, რომ ბრალდებულებს პატიმრობა აღკვეთის სხვა ზომით შეუცვალოს. დღეს დილით სასამართლოში მივიდნენ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები, რომლებმაც კვლავ განაცხადეს, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს. თავის მხრივ, პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდებულთა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა. პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს ადანაშაულებს კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

XS
SM
MD
LG