დასავლეთ ერაყის ანბარის პროვინციის მცხოვრებთა ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტული ორგანიზაციის რაზმებმა ქალაქ რამადის მახლობლად წამოიწყეს კონტრიერიში, რომლის მსვლელობაში ერაყის სამთავრობო ჯარი განდევნეს სამი სოფლიდან. როგორც ასოშიეიტედ პრესის სააგენტო იუწყება, „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებულმა შენაერთებმა დღეს დილით დაიკავეს სოფლები სჯარია, ალბუ-ღანიმი და სუფია. ამავე წყაროს თანახმად, სუფიაში ექსტრემისტებმა დაბომბეს პოლიციის განყოფილება და ხელთ იგდეს ელექტროსადგური. მიღებული ცნობების თანახმად, ამჟამად მიმდინარეობს შეტაკებები ქალაქ რამადის მისადგომებთან. ბოლო კვირებში „ისლამურმა სახელმწიფომ“ სამთავრობო ჯართან დაპირისპირებაში რამდენიმე მარცხი იწვნია, რომელთაგან უმძიმესი იყო ქალაქ თიქრითის დაკარგვა.
ყველაზე პოპულარული
1