Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო იუწყება უკრაინაში ზავის სულ უფრო ხშირად დარღვევის შესახებ


უკრაინაში ეუთოს საგანგებო სამეთვალყურეო მისიის ცნობით, ბოლო დღეებში მკვეთრად იმატა აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის დარღვევის შემთხვევებმა. ეუთოს მისიის პრესმდივანმა, მაიკლ ბოციურკივმა 15 აპრილს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თან ინტერვიუში თქვა, რომ მეთვალყურეები იუწყებიან დონეცკის აერპორტთან და ქალაქ მარიუპოლთან სეპარატისტებსა და უკრაინის ჯარებს შორის „ინტენსიური ბრძოლის“ შესახებ. დონეცკს რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ, ხოლო მარიუპოლს - უკრაინის მთავრობის ჯარები. ეუთოს მისიის წარმომადგენლის მონაცემებით, მეთვალყურეებმა 14 აპრილს ექვსი საათის განმავლობაში აღრიცხეს 700-ზე მეტი აფეთქება დონეცკის აეროპორტთან. უკრაინაში ეუთოს საგანგებო მისია ოფიციალურად უწევს მეთვალყურეობას თებერვალში მინსკში მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელმაც შეამცირა ძალადობა აღმოსავლეთ უკრაინაში. ამ რეგიონში სეპარატისტებსა და მთავრობის ჯარებს შორის დაპირისპირებამ შარშანდელი აპრილის შემდეგ 6000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG