ევროზონის ლიდერები ორშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავენ და კიდევ ერთხელ შეეცდებიან საბერძნეთის დეფოლტის თავიდან აცილების გზის გამონახვას. ხუთშაბათს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროზონის 19 ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების პროგრამაზე - „ნაღდი ფული რეფორმების სანაცვლოდ“. 30 ივნისს საბერძნეთს მოუწევს დაფაროს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ფონდის დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ გადავადება არ იქნება და არ გამორიცხა დეფოლტის გამოცხადება. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ უკვე ორშაბათს, შესაძლებელია, საბერძნეთში ბანკები არ გაიხსნას. „როიტერზის“ ინფორმაციით, 15-დან 17 ივნისის ჩათვლით საბერძნეთის ბანკების მეანაბრეებმა ანგარიშებიდან მოხსნეს დაახლოებით ორი მილიარდი ევრო, რაც ორჯერ აჭარბებს თანხას, რომლის საბერძნეთის ბანკებისთვის გაცემასაც მიმდინარე კვირაში აპირებდა ევროპის ცენტრალური ბანკი, მათი ლიკვიდურობის გასაზრდელად. ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი დაადანაშაულა უცხოელ კრედიტორებთან მოლაპარაკებებზე მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში.
ყველაზე პოპულარული
1