Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერლის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფო“ პრობლემაა მსოფლიოს ბევრი რეგიონისთვის


რადიკალური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" პრობლემაა არა მხოლოდ კავკასიისთვის, არამედ მსოფლიოს ბევრი რეგიონისთვის - განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილემ, გენერალმა ადრიან ბრედშოუმ. მას ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს 24 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმად, ჩრდილოეთკავკასიელმა ისლამისტებმა ერთგულება შეჰფიცეს ექსტრემისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის. გენერალ ბრედშოუს თქმით, ის, რომ კავკასიელმა ისლამისტებმა რადიკალურ დაჯგუფებას ერთგულება გამოუცხადეს საყურადღებო საკითხია. „ეს პრობლემა მომდინარეობს ავღანეთიდან, კვეთს ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ახლო აღმოსავლეთს და აფრიკის ნაწილსაც კი“, - განაცხადა ნატოს ევროპული ძალების მთავარსარდლის მოადგილემ. ადრიან ბრედშოუმ აღნიშნა, რომ ამ საფრთხესთან გამკლავებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილური სტრატეგიული თანამშრომლობა. გენერალ ბრედშოუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ რადიკალური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მოქმედებები საქართველოს უყურადღებოდ არ რჩება. ვახტანგ კაპანაძის თქმით, ექსტრემისტების ამ დაჯგუფებას საქართველო, როგორც მსოფლიოს ნაწილი, საფრთხედ განიხილავს. „შესაბამისი ორგანოები, მათ შორის, შეიარაღებული ძალები, თავისი წილი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ამუშავებენ სცენარებსა და გათვლებს“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. მისივე თქმით, სიახლეს არ წარმოადგენს, რომ ჩეჩენი და დაღესტნელი საველე მეთაურების ნაწილი რადიკალური დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" დაქვემდებარებაში გადავიდა.

XS
SM
MD
LG