Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემას


მთავრობა ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემას საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს. ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემის შემუშავებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკური გუნდის სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. "ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა. დღგ-ს ჩათვლით კი, მომხმარებელს დაახლოებით, 3,95 თეთრით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით მიმართა სააქციო საზოგადოება "თელასმაც". საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება: „მარეგულირებელი კომისია დაითვლის "თელასის" ტარიფებსაც, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ანალოგიურად მოხდება გაზრდა, რადგან შესასყიდი ელექტროენერგია ყველასთვის ერთია“, - თქვა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

XS
SM
MD
LG