Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიის სუბსიდიას მიიღებენ


ელექტროსადგური
ელექტროსადგური

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გამო სოციალურად დაუცველი 208 000 ოჯახისთვის 20 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდია გამოიყოფა. უფრო ადრე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ შეეხება. თბილისის მერის ეს განცხადება მოჰყვა „თელასის“ მიმართვას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისადმი ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის გაზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებით. უცნობია, სამომხმარებლო ტარიფის რა ოდენობით გაზრდას მოითხოვს „თელასი“, თუმცა რეგიონების მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის საფასური თითქმის 4 თეთრით გაძვირდა.

სანამ სუბსიდირების წესის თაობაზე ისაუბრებდა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში არსებული ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები რეგიონში არსებულ ფასებს შეადარა და განაცხადა, რომ, აზერბაიჯანის გარდა, საქართველოს, რეგიონის ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, დაბალი ტარიფები აქვს. მთავრობის მუშაობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეეხებათ:

„ტარიფის კორექტირება, როგორც სემეკი განმარტავს, განაპირობა სწორედ გადაუდებელმა აუცილებლობამ. ამიტომ, მთავრობის ვალდებულებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდის სრულად სუბსიდირება მოგვეხდინა, რათა ეს პროცესი რაც შეიძლება ნაკლებ ტვირთად დააწვეს ჩვენს მოსახლეობას“.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 208 ათასამდე სოციალურად დაუცველი ოჯახი სუბსიდიას მიიღებს, რისთვისაც ბიუჯეტში, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

თბილისის მოსახლეობას არანაირად არ შეეხება ტარიფების ზრდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ იხდიან შესაბამის გადასახადს, მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში და ჩვენ ავუნაზღაუროთ მათ...
დავით ნარმანია

სს „თელასმა“, რომელიც თბილისის მოსახლეობას ამარაგებს ელექტროენერგიით, სემეკს ახალი ტარიფის დადგენის მოთხოვნით 23 ივლისს მიმართა. სემეკის ინფორმაციით, „კომპანია სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს“.

სემეკში აცხადებენ, რომ „თელასის“ მოთხოვნაზე მუშაობას სამი სამუშაო დღის განმავლობაში დაიწყებენ. თუმცა, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, მედიასთან საუბარში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ დედაქალაქის მოსახლეობა ელექტროენერგიის გაძვირებას ვერ იგრძნობს:

„თბილისის მოსახლეობას არანაირად არ შეეხება ტარიფების ზრდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ იხდიან შესაბამის გადასახადს, მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში და ჩვენ ავუნაზღაუროთ მათ. თბილისის მერიც მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ არც ერთ ოჯახს არ შეექმნას კომუნალური გადასახადების გადახდის პრობლემა“.

სუბსიდირება აქედან გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს ფასების ზრდას პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, რაც, საბოლოო ჯამში, ისევ გაჭირვებულ მოსახლეობას დააწვება ტვირთად...
ზურაბ ჯაფარიძე

სუბსიდირებაზე საუბრისას თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი ირაკლი აბესაძე მერს მოუმზადებლობაში ადანაშაულებს და, მათ შორის, იმაშიც, რომ კომუნალურ გადასახადებზე არსებული შეღავათები გაუქმდა, რის გამოც, ადრე შეღავათების მიმღები 380 ათასი ოჯახის ნაცვლად, ახლა შეღავათით 38 ათასი ოჯახი თუ ისარგებლებს.

„თელასამდე“ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასის თითქმის 4 თეთრით გაზრდის მოთხოვნით სემეკს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მიმართა, რომელიც, კახეთის გარდა, ყველა სხვა რეგიონის მოსახლეობას აწვდის ელექტროენერგიას. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, ხელისუფლების განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სუბსიდიები გაიცემა, თუმცა სუბსიდირებას, როგორც გამოსავალს, არ იზიარებს არც ექსპერტთა ნაწილი და არც ოპოზიცია. „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვება ტვირთად. გამოსავალს კი ზურაბ ჯაფარიძე დიფერენცირებული ტარიფის შემოღებასა და ელექტროენერგიის სისტემის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებაში ხედავს:

„სუბსიდირება აქედან გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს ფასების ზრდას პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, რაც, საბოლოო ჯამში, ისევ გაჭირვებულ მოსახლეობას დააწვება ტვირთად“.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, სუბსიდირება არსებულ ვითარებაში გარდაუვალია. როგორც უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, როცა ქვეყნის პრობლემა გამომუშავებული ელექტოენერგიის სიმცირეშია, ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არსებობს:

„პატარა პერიოდის განმავლობაში გვაქვს საშუალება მოვიხმაროთ ჩვენი ადგილობრივი ელექტროენერგია. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც ქვეყნის წინაშე დგას. რაც შეეხება შექმნილ ვითარებას, ვფიქრობ, ქვეყანამ უნდა გააკეთოს ფინანსური რესურსების მობილიზება, რათა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეს ზრდა შეუმსუბუქოს“.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, საქართველოს მომავალი ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ჰიდროპოტენციალის გამოყენება, მიუხედავად თემის არაპოპულარულობისა:

„მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გააძლიეროს ახალ ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული მუშაობა, მისი არაპოპულარულობის მიუხედავად, ვინაიდან საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ჰიდროელექტროსადგურები იქნება“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG