Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IAEA „შეწუხებულია“ ცნობებით ირანში ბირთვული შემოწმების ჩატარებაზე


გაეროს ატომური უწყების, ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „შეწუხებულია“ ცნობით, თითქოს მისმა ორგანიზაციამ ირანს დააკისრა პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში ბირთვული შემოწმებების ჩატარებაზე. 20 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში იუკია ამანო ამბობს, რომ ამგვარი ცნობები „არასწორად წარმოაჩენს ამ მნიშვნელოვანი შემოწმების ჩატარების ფორმას“. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ 19 აგვისტოს იუწყებოდა, რომ მოიპოვა ირანსა და გაეროს სააგენტოს შორის კონფიდენციალური შეთანხმების პროექტი, რომლის თანახმადაც ირანელი სპეციალისტები შეამოწმებდნენ პეჩინში მდებარე ბირთვულ ობიექტს - რომლის გარშემოც არსებობს ეჭვი, რომ გამოიყენებოდა ბირთვული იარაღის შექმნისთვის საჭირო ცდების ჩატარების ადგილად. ამანო აცხადებს, რომ შეთანხმების ეს მონაკვეთი კონფიდენციალურია, თუმცა შეუძლია ის თქვას, რომ შეთანხმება ტექნიკურად გამართულია და შესაბამისობაშია სააგენტოს დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ პრაქტიკასთან. შეთანხმება „არანაირად არ ასუსტებს ჩვენი უსაფრთხოების სტანდარტებსო“, დასძენს ამანო. „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობას აშშ-ში სწრაფად მოჰყვა რეაქცია იმ პირებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბირთვულ შეთანხმებას, რომელსაც კონგრესმა მომავალ თვეში უნდა უყაროს კენჭი. „საერთაშორისო შემოწმება საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა ჩაატარონ. წერტილი“ - - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, რესპუბლიკელმა ედ როისმა.

XS
SM
MD
LG