Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს სირიაში მოქმედ ოპოზიციას


მოსკოვი აცხადებს, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები მზად არიან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში დახმარება გაუწიონ „სირიის თავისუფალ არმიას“ - დასავლეთის მხარდაჭერით მოქმედ ოპოზიციურ ჯგუფს, რომელიც ექსტრემისტების გარდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმსაც ებრძვის. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა 24 ოქტომბერს რუსეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ მოსკოვი მზად არის საჰაერო ოპერაციებით მხარი დაუჭიროს „პატრიოტულ ოპოზიციას“ სირიის თავისუფალი არმიის ჩათვლით. ასევე ლავროვის თქმით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს სირიის კრიზისის ნებისმიერი პოლიტიკური მოგვარების შემადგენელი ნაწილი. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 22 ოქტომბერს განაცხადა, მას სირიის პრეზიდენტმა უთხრა, რომ მზად არის ესაუბროს შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუ ისინი მხარს უჭერენ დიალოგს და ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოს“. პუტინმა ეს განცხადება გააკეთა ორ დღეში მას შემდეგ, რაც ბაშარ ალ-ასადი მოულოდნელად ეწვია მოსკოვს. დასავლეთში, მაგალითად, შეერთებულ შტატებში, აკრიტიკებენ რუსეთის ავიაიერიშებს სირიაში, რადგან იერიშები, მათი ინფორმაციით, უმეტესწილად მიმართულია არა "ისლამური სახელმწიფოს", არამედ ასადის იმ მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, რომლებსაც დასავლეთი უჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG