თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და წამების ბრალდებით საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის სტატუსით დაკავებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ამ პირთა ორგანიზებით და უშუალო მონაწილეობით, 2012 წლის ივლისში, ქალაქ ზუგდიდში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს გალის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, რომლისგანაც წამების და მუქარის გზით მოითხოვდნენ არარსებული ტერაქტის მომზადების აღიარებას. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძელდება წამების მუხლით, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ყველაზე პოპულარული
1