Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა იზრდება


აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC საქართველოს მიერ 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 69 % მხარს უჭერს ქვეყნის მიზანს გახდეს ნატოს წევრი, მოსახლეობის 58 % კი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეა. წინა კვლევასთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ მხარდაჭერა, არც ერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 16 % მისცემდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 10 % და „თავისუფალ დემოკრატებს“ – 7 %. სულ NDI-ს კვლევაში 1881 ინტერვიუერი მონაწილეობდა.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა 35 %-მა არ იცის ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15 %-მა ამ შეკითხვას არ უპასუხა, 7 %-მა კი განაცხადა, რომ ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა. შეკითხვას, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითად უპასუხა გამოკითხულთა 64 %-მა. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69 %-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი. გამოკითხულთა 58 % ეთანხმება აზრს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს და 24 % - აზრს, რომ ქვეყანა ევრაზიული კავშირის წევრი უნდა გახდეს.

როგორც „ენ დი აის“ საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონი ამბობს, ამ მონაცემების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ჯერ არ აქვს გარკვეული, რომელ პარტიას მიანიჭოს უპირატესობა, თავად დაინტერესებულ მხარეებს კი კვლევა აძლევს შესაძლებლობას გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემური საკითხები:

„პოლიტიკური რეიტინგები ძირითადად უცვლელად რჩება. ერთადერთი - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი ოდნავ შემცირდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თითქმის უცვლელია და „ირაკლი ალასანია -თავისუფალი დემოკრატების“ ახლა 9 %-ია. ჩვენ საგარეო პოლიტიკაზეც ვაწარმოეთ გამოკითხვა და პოზიტიური ცვლილება ისაა, რომ, წინა შედეგებისგან განსხვავებით, ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობამ იმატა, განსხვავებით ევრაზიული კავშირისა. საინტერესო ჩვენთვის ისიცაა, რომ პოლიტიკურ პარტიათა ჭრილში, ოპოზიციური პარტიების - „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ - მხარდამჭერები ოდნავ უფრო მეტად ემხრობიანქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ვიდრე. „ქართული ოცნების“. რაც შეეხება ნდობას, გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის ვის ენდოს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ვინ უკეთესად გაუმკლავდება ევროკავშირის, ნატოსა და რუსეთთან ურთიერთოებებს. მაგრამ ქართველი ხალხისთვის მთავარ საფიქრალს წარმოადგენს ეკონომიკა, ეკონომიკა და ეკონომიკა, დასაქმება და, რასაც ჩვენ (ამ გამოკითხვის შედეგებით) ვხედავთ, უმეტეს ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში, 60 %-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა“.

„ენ დი აის“ კველვის თანახმად, სამუშაო ადგილები ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მიაჩნია 57 %- ს,სიღარიბე - 29 %-სდა იმავე რაოდენობისრესპონდენტებს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მიაჩნიათ ტერიტორიული მთლიანობა.

მოსალოდნელი იყო, რომ გარკვეული პროცენტები „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოემატებოდა, იმავე ირაკლი ალასანიას, თუმცა ეს მყარი რიცხვები არ არის, ვინაიდან საზოგადოებრივი აზრი ძალიან სწრაფად იცვლება...
კორნელი კაკაჩია

37 %-დან 35 პროცენტამდეა შემცირებული 2012 წლიდან2015 წლის ნოემბრამდე იმ მოქალაქეთა რაოდენობია, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა. კვლევაში ერთი კითხვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მიმართებით არსებულ საკითხსაც შეეხო. გამოკითხულთა 53 პროცენტი ეთანხმება აზრს, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა არის, უმთავრებსად, პოლიტიკურად მოტოვირებული და ემსახურება მედიის თავისუფლების შეზღუდვას, 36 % კი ფიქრობს,რომ ეს ორ სუბიექტს შორის დავას წარმოადგენს, კანონიერი მფლობელის დადგენის მიზნით.

მმართველ კოალიციაში „ენ დი აის“ კვლევის მიმართ ტრადიციული დამოკიდებულება აქვთ: ისინი კვლევაში მოყვანილ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ. უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განმარტებით, მმართველი გუნდი ამჯერადაც იმავე აზრისაა:

„მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი პროცენტია, უფრო რეალური სურათი არჩევნებადე 2-3 თვით ადრე იქნება“.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მიიჩნევენ, რომ დაკვირვებული თვალი კვლევაში აღმოაჩენს ხელისუფლების მიმართ საზოგადოების მაღალ იმედგაცრუებას. ასე ფიქრობს გიგა ბოკერია:

„ვინც ამ კვლევის სპეციფიკას იცნობს, მმართველი პარტია, რომელსაც ასეთი დაბალი მხარდაჭერა აქვს და, ჯამში, ბოლო ორი წლის განმავლობაში კატასტროფული ვარდნა აქვს, ეს არის განაჩენი“.

ქვეყნის წარმატებულ მმართველს საზოგადოება „თავისუფალ დემოკრატებში“ ხედავს და ამაზე მიანიშნებს ეს პროცენტული მაჩვენებელიო, ფიქრობს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თქმით, საგულისხმოა, რომ, კვლევის თანახმად, გაიზარდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა და განსაკუთრებით საინტერესოა, რომ გაიზარდა ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობაც. რაც შეეხება პარტიების მიმართ დამოკიდებულებას, კორნელი კაკაჩიას თქმით, საზოგადოებამ ისევ არ იცის ვის ენდოს:

„მოსალოდნელი იყო, რომ გარკვეული პროცენტები „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოემატებოდა, იმავე ირაკლი ალასანიას, თუმცა ეს მყარი რიცხვები არ არის, ვინაიდან საზოგადოებრივი აზრი ძალიან სწრაფად იცვლება, მით უფრო, რომ არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ ამაზე დაყრდნობა საკმაოდ რთულია“.

„ენ დი აის“ კვლევაში ცდომილება +/- 1,8 პროცენტია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG