Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის დაცემის დღე - 23 წელი დაბრუნების მოლოდინში


გმირთა მემორიალი
გმირთა მემორიალი

2016 წლის 27 სექტემბერს 23 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან. თუ ეს დღე ქართველებისთვის აფხაზეთის მთავარი ქალაქის დაცემის დღეა, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მას სოხუმის აღების დღედ აღნიშნავენ. ოც წელზე მეტია, აფხაზეთიდან დევნილები ამ დღეს თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალთან იკრიბებიან. წლებია, ამ დღეს მემორიალს გვირგვინებით ამკობენ ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები.

გადმოწერა

ყოველ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, თბილისში გმირთა მემორიალთან მიმსვლელი შაოსანი დედების რიცხვი სულ უფრო მცირდება. ვინც ამ ადგილზე და ამ დღეს ხშირად ყოფილა, ის აუცილებლად შეამჩნევდა მათ შეთხელებულ რიგებს. ზოგი ცოცხალი აღარ არის, ზოგი მოხუცდა, ზოგი ავადაა. ვისაც ჯერ ისევ შეუძლია, თავისი შვილის, ძმის, მეუღლისა თუ ნათესავის ფოტოთი ხელში, ისევ აკითხავს ამ ადგილს. ასე იყო წელსაც. ქალები ყოველთვის უფრო ახლოს დგანან მემორიალთან, ხელში ფოტოებით, სანთლებით. კაცები - ოდნავ მოშორებით, ჯგუფ-ჯგუფად. აქ არის სოხუმში 27 წლის ასაკში დაღუპული ვიტალი ბერულავას დედაც, ლეილა. დეკემბერში ის 74 წლის გახდება. მისი სურვილი უცვლელია: თუ აფხაზეთში ვეღარ დაბრუნდება, შვილის ცხედარი მაინც გადმოუსვენონ:

„დაბრუნების იმედი გვქონდა, მაგრამ უკვე 23 წელი გავიდა. დავბერდით. სასაფლაოზე ვერ მივდივარ. იქეთ გზა არ არის. ვინ გაგვიშვებს... მე კი მხოლოდ ეს თხოვნა მაქვს: აქეთ გადმომისვენონ ჩემი შვილი. სანამ ცოცხალი ვარ, სასაფლაოზე მაინც რომ ვიარო და როგორც ჩემ გულს უნდა, ისე ვიტირო“.

გმირთა მემორიალი
გმირთა მემორიალი

გული ბერიაც თავისი შვილის სურათით მივიდა გმირთა მემორიალთან. ამბობს, რომ სანამ ცოცხალია და შეძლებს, თავისი შვილის ხსოვნისთვის ამ ადგილას აუცილებლად მოვა. მან ისიც არ იცის, სად არის მისი შვილის, თემურ ბერიას, საფლავი, თუმცა, რომ ვიპოვოო, ამბობს, მაინც არ გადმოვასვენებ, რომელი მიწისთვისაც იბრძოდა, იმ მიწაში დავტოვებო:

„იქნებ შევრიგდეთ, იქნებ დავბრუნდეთ. იქნებ საერთო ენა გამოვნახოთ, რომ ამ ბიჭების საფლავს დავადგა ფეხი. მაგრამ გადმოსვენება გამორიცხულია, იმ მიწას შესწირა ჩემმა შვილმა თავი და იქ უნდა იყოს, როგორც არის. ასე მირჩევნია, იქ მეგულებოდეს“.

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, ომს აფხაზეთშიქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აფხაზეთიდან დევნილი 250 000-ზე მეტი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

27 სექტემბერს, აფხაზეთში დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან დილიდან დაიწყეს მოსვლა პოლიტიკოსებმა, ხელისუფლების თუ ოპოზიციის ლიდერებმა. ისინი მემორიალს ყვავილებით ამკობდნენ, მედიასთან საუბარში ამ დღის შეფასებას იძლეოდნენ და მიდიოდნენ. მემორიალთან დილიდანვე მივიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც:

„ამ ტრაგიკულ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ძმათამკვლელი ომის მსხვერპლთ, ადამიანებს, რომლებიც ამ ტრაგიკულ ომში დაიღუპნენ. ამასთან, გვაქვს იმედი და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ერთიანი, ძლიერი საქართველოს შექმნა, ქვეყნის გაერთიანება იქნება შედეგი ჩვენი მშვიდობიანი, ერთმანეთისკენ მიმართული ემოციისა და მუშაობისა“.

გმირთა მემორიალი
გმირთა მემორიალი

„ეს იყო ომი ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ და ამ ომს დასაწყისშივე არ ჰყავდა მოგებული“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, სოხუმის დაცემის დღეს. თვდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კი განაცხადა, რომ საქართველო შეძლებს აფხაზებთან ერთად, ერთი სახელმწიფოს ფარგლებში, მშვიდობიან თანაცხოვრებას.

„27 სექტემბერი სოხუმის მცველთა დღეა“ - ასე უწოდა ამ დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ:

„ეს არის დღე, როდესაც უდიდესი გმირობის მაგალითი აჩვენეს ჩვენმა გმირმა მეომრებმა, საკუთარი სიცოცხლე გაწირეს იმისათვის, რომ ჩვენ, ჩვენს შვილებს და ოჯახებს დამოუკიდებელ ქვეყანაში გვეცხოვრა. ამიტომ ჩვენ უნდა ვუერთგულოთ იდეას, რისთვისაც მათ თავი გაწირეს. ღრმად მწამს, რომ ჩვენი თაობა შეძლებს საერთო ენის გამონახვას ოსებთან და აფხაზებთან“.

გმირთა მემორიალთან სოხუმის დაცემის დღის წინა ღამით შეიკრიბნენ „აფხაზთა კრების“ წევრები, ასევე „ნაცინალური მოძრაობის“ ლიდერები და ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

27 სექტემბერს გმირთა მემორიალიდან ოდნავ მოშორებით ისევ შეიკრიბნენ სოხუმელები, ოჩამჩირლები, გაგრელები - ის ხალხი, ვინც სწორედ აქ, ამ ადგილას, ხვდება წელიწადში ერთხელ ერთმანეთს, ერთმანეთის ოჯახის ამბავს მოიკითხავენ ხოლმე, ერთმანეთს დარდს გაუზიარებენ და თავ-თავიანთ ქალაქებს იხსენებენ.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ დაკარგა იურისდიქცია აფხაზეთის ტერიტორიაზე, თავად აფხაზეთმა კი მოიპოვა ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით, 2008 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG