Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 წელი სოხუმის დაცემიდან


სოხუმი
სოხუმი
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 20 წელი შესრულდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ დაკარგა იურისდიქცია აფხაზეთის ტერიტორიაზე, თავად აფხაზეთმა კი მოიპოვა ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით, 2008 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. დამარცხების მიუხედავად, 1993 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, საქართველოს ყოველი ახალი ხელისუფლების მთავარი დეკლარირებული პრიორიტეტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ საგანგებოდ ამ დღისთვის გავრცელებულ განცხადებაში, მაგალითად, აღნიშნულია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი, კონსტრუქციული და პრაგმატული კურსი აირჩია. თუმცა ერთია ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი, მეორე კი პროცესი, რომელმაც ქართული და აფხაზური საზოგადოებების სრული გაუცხოება განაპირობა.

ჩაკეტილი საზღვრებისა და პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, სულ უფრო რთულდება სამოქალაქო კავშირებიც, რომლის დინამიკასაც „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ დირექტორი გიორგი ხუციშვილი შემდეგნაირად ხსნის:

“პრაქტიკულად არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი ჯგუფური შეხვედრა მოვაწყვე მე მოსკოვში. ეს იყო 1996 წლის ივნისი. მანამდე, 1995 წლიდან, გვქონდა ეს პროექტი, მაგრამ „ინტერნეშენალ ალერტის“ მეშვეობით. ამას მოჰყვა ბევრი სხვა შეხვედრა. ეს კონტაქტები და პროექტები ვითარდებოდა ინტენსიურად და სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ერთვებოდა. ეს ხდებოდა 90-იანი წლების ბოლომდე. 2000-იანი წლებიდან დაიწყო შემცირება“.

გიორგი ხუციშვილი აზუსტებს, რომ, ამ თვალსაზრისით, დრამატული ცვლილებები განაპირობა 2008 წლის ომმა, რომლის შემდეგაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი პრაქტიკულად ჩაკეტილი აღმოჩნდა, სხვათა შორის, სამოქალაქო აქტივობისთვისაც, რომლის მთავარი მიზანი პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა იყო, ჰუმანიტარული კონტაქტების, პარალელური კვლევების, ახალგაზრდული შეხვედრებისა თუ სხვა ღონისძიებების სახით.

მთავრობის წევრები გმირთა მემორიალთან
მთავრობის წევრები გმირთა მემორიალთან
ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის ერთ-ერთ საშუალებად სამოქალაქო სექტორის წიაღში დაიბადა კამპანია „ბოდიშიც“, რომლის ინიციატორი „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იყო. კამპანია 2007 წლის მარტში დაიწყო და მიზნად მხარეთა შორის ურთიერთპატივისცემისა და ნდობის ჩამოყალიბება დაისახა. კამპანიას, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის თანახმად, ჰქონდა პაციფისტური გეგმებიც:

“იმ პერიოდში იყო არნახულად გაზრდილი მილიტარისტული კამპანია, მილიტარისტული რიტორიკა იყო უფრო ძლიერი. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, მაგალითად, იყო მილიარდ-ნახევარი, ხოლო კონფლიქტების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტი იყო 600 000, რაც არის სრულიად არაადეკვატური დისბალანსი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სურს კონფლიქტის მოგვარება. აქცენტი იყო გადატანილი კონფლიქტის იარაღის ძალით მოგვარებაზე უფრო მეტად“.

ალეკო ცქიტიშვილი კონფლიქტის მოგვარებისა და პრევენციის ერთ-ერთ ქმედით საშუალებად მიიჩნევს ასევე 90-იანი წლების სამხედრო დანაშაულებათა გამოძიებას. იგი აღიარებს, რომ, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, შესაძლოა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რთული იყოს, მაგრამ ისტორიული შეფასება აუცილებლად უნდა მოხდეს.

2008 წლის შემდეგ აფხაზურმა საზოგადოებამ უსაფრთხოების გარანტიები მიიღო რუსეთის ჯარის იქ ყოფნით. რა თქმა უნდა, მთელი პროპაგანდა მიმართული იყო იქითკენ, რომ აგრესორი ვიქნებოდით ჩვენ...
ზურაბ შენგელია
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი სამბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-93 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას ქართული მხრიდან 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 000 აფხაზეთიდან დევნილი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით, დაიღუპა 3500 და დაიჭრა 2 000-მდე აფხაზი.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. შესაბამისად, 2008 წლამდე და მას შემდეგ პერიოდებად ყოფს აფხაზეთის განვითარებას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ზურაბ შენგელია:

“2008 წლის შემდეგ აფხაზურმა საზოგადოებამ უსაფრთხოების გარანტიები მიიღო რუსეთის ჯარის იქ ყოფნით. რა თქმა უნდა, მთელი პროპაგანდა მიმართული იყო იქითკენ, რომ აგრესორი ვიქნებოდით ჩვენ. ეს არის 2008 წელი. 2008 წლის შემდეგ მათ მიიღეს გარანტია თავიანთი უსაფრთხოების შესახებ, ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ, მაგრამ, მეორე მხრივ, ამას ჰქონდა რაღაცა ფასი - ეს არის ის ფასი, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკეთებს რუსეთი. ანუ, გარკვეულწილად, ეს არის თავისი ინტერესები - ცოტა უფრო მეტი, ვიდრე მეგობრული დახმარება“.

ზურაბ შენგელია, შესაბამისად, ფიქრობს, რომ 2008 წლიდან 2013 წლამდე განვლილ ხუთ წელიწადში აფხაზური საზოგადოების იმედები არ გამართლდა და 1992-93 წლების ომის დასრულების მეოცე წლისთავზე საზოგადოების დიდ ნაწილში იმედგაცრუება და ნიჰილიზმი ჭარბობს.

მაშინ როცა აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში პრაქტიკულად არ არსებობენ პროქართულად განწყობილი ძალები, საქართველოს ახალი ხელისუფლების მესიჯი სეპარატისტული რეგიონებისთვის შემდეგია;

“კიდევ ერთ სიგნალს გავუგზავნი აფხაზებს და ოსებს - არავინ არ გაივლოს აზრად და არც იფიქროთ, ჩვენს ხელისუფლებაში ეს არავის თავში არ აქვს, რაიმე მეთოდებით უნდა მოვახერხოთ და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები. ტერიტორიები არა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და შევქმნათ ისეთი პირობები და დავარწმუნოთ ჩვენი ძმები, რომ ჩვენთან ცხოვრება მათთვის იქნება უკეთესი“.

ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 25 სექტემბერს ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა, 27 სექტემბერს, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან კი დასძინა, რომ საქართველო კონფლიქტების მოგვარების ძალისმიერი გზის წინააღმდეგია და ის აფხაზებს ურთიერთობათა აღდგენასა და ეგრეთ წოდებულ საზღვრებს აქეთ გადმოსვლას სთავაზობს.
XS
SM
MD
LG