არაოფიციალური ინფორმაციით, პროდასავლურმა „სოციალისტთა დემოკრატიულმა პარტიამ“ გაიმარჯვა ჩერნოგორიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, რომელსაც წინ უძღვოდა სერიოზული დესტაბილიზაციის მცდელობა. 15 ოქტომბერს, კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე პოლიციამ დააპატიმრა 20 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების მზადებაში, რაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ უნდა მომხდარიყო. დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაცია CeMI-ის თანახმად, ბიულეტენების დათვლის შემდეგ პროდასავლურმა პარტიამ, რომელსაც ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი ხელმძღვანელობს, ხმათა 41%-ი მიიღო, 20%-ით მეორე ადგილს იკავებს პრორუსული ძალა, ოპოზიციური კოალიცია „დემოკრატიული ფრონტი“, ხოლო პარტია „კლუჩს“ მხარი ამომრჩეველთა 11%-მა დაუჭირა. არჩევნების ოფიციალურ შედეგს ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. არჩევნების წინ ჯუკანოვიჩმა განაცხადა, რომ არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების ვექტორს. მაისში ჯუკანოვიჩის მთავრობამ ხელი მოაწერა ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანების ოქმს, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს, დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს სამხედრო-პოლიტიკური კავშირის სხდომებს.
ყველაზე პოპულარული
1