Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჟიოტაჟი ლარის კურსის გამო


სავალუტო ბაზარზე ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც გარკვეული დროით ერთი ამერიკული დოლარის ფასმა 2 ლარს და 70 თეთრს გადააჭარბა, მოსახლეობაში ისევ გააჩინა კითხვები ლარის კურსთან დაკავშირებით. რატომ დაეცა ლარი ასეთ ნიშნულზე და ხომ არ არის მოსალოდნელი ეროვნული ვალუტის დევალვაცია უახლოეს მომავალში? მოიმატებს თუ არა ფასები? ვის წაადგება ე. წ. დოლარის "გალარების" პროგრამა? ბოლო დღეებია ისმის კრიტიკა მთავრობის მისამართით, მთავრობა კი აცხადებს, რომ ვითარება საგანგაშო არ არის.

აჟიოტაჟი ლარის კურსის გამო
please wait

No media source currently available

0:00 0:05:30 0:00
გადმოწერა

2 დეკემბერს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა და ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.55 ლარი გახდა.

აჟიოტაჟით გამოწვეული რყევა - ასე ახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსის მკვეთრი შეცვლა ბოლო ორი დღის განმავლობაში, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ამ პროცესში ის საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

კობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე

„რაც გუშინ სავალუტო ბაზარზე ხდებოდა, ეს, გარკვეულწილად, აჟიოტაჟის შედეგი იყო, რომელიც გარკვეულმა მოლოდინებმა გააჩინა. მოლოდინებში კი ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს და მათი გამოცალკევება რთულია. ისიც მოგეხსენებათ, რომ დოლარის კურსი ისტორიულად გაიზარდა, ამავე დროს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ვალუტები გაუფასურდა, ცხადია, რომ ამ ყველაფერმა თავისი როლი ითამაშა“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ რადგან საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, ეროვნული ბანკი არ აკეთებს პროგნოზს კურსთან დაკავშირებით.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მონეტარული ხელისუფლება დღეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ლარი ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდეს. თუმცა მანაც შენიშნა, რომ 2003 წლის შემდეგ დოლარი ყველაზე მეტადაა გამყარებული:

„ბოლო 3 კვირაში კიდევ 8 პროცენტითაა გამყარება. საქართველოს ეკონომიკა მცირე მოცულობისაა და, ცხადია, დოლარი ახდენს გავლენას ლარზე. გარდა ამისა, ბოლო დღე-ნახევრის განმავლობაში ემოციური სპონტანური ფაქტორებიც მუშაობდა და მიწოდების შოკიც იყო, თუმცა ეროვნული ბანკის განცხადების შემდეგ და მას მერე, რაც ბაზრის მონაწილეებმაც აღადგინეს მიწოდება, სიტუაციაც დასტაბილურდა, ვფიქრობ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ლარის დრამატულ რყევას საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას აბრალებს. 1 დეკემბრის სხდომაზე უმცირესობის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ მთავრობას მოუწოდა შეწყვიტოს ე.წ. დოლარის "გალარების" პროგრამა:

ჩვენ მცირე ზომის ეკონომიკის ქვეყანა ვართ, იმპორტსა და ვალუტის შემოდინებაზე დამოკიდებული, ფასებიც კი იმის მიხედვით დგინდება, თუ რა არის დოლარის გაცვლითი კურსი...
გივი ადეიშვილი

„თუ გინდათ, რომ ქვეყანაში იყოს ფინანსური სტაბილურობა, განაცხადეთ, რომ აჩერებთ დოლარის ამ ე.წ. "გალარების" უაზრო პროგრამას, რომელმაც დააფეთა ხალხი“.

არჩილ თალაკვაძემ, უმრავლესობიდან პასუხად, განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ინტეგრირებული ეკონომიკა და რა საერთო ვითარებაც არის რეგიონში, ეს გავლენას ახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც.

რაც შეეხება ინფლაციას, საქართველოში ინფლაციის დონემ 2016 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0,6 % შეადგინა, ხოლო, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე), 0,2% . ”საქსტატის” ინფორმაციით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 17,8 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 0,7 %-ით, ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (8,7 %) და რძის, ყველისა და კვერცხის (3,0 %) ქვეჯგუფებზე. ამავე დროს, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5,3 %); ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასები გაიზარდა 1,8 %-ით.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, განცხადებით, 14 დეკემბერს გაიმართება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და ცნობილი გახდება, როგორ აფასებს სები იმ რისკებს, რომლებიც შეიძლება არსებობდეს ინფლაციასთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს შიდა ფაქტორებს და არა საგარეოს, რაზეც გავლენას მაინც ვერ მოახდენს. რამ განაპირობა ლარის ასეთი მკვეთრი ვარდნა სულ რამდენიმე საათში? გივი ადეიშვილი ამას ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი ახალი წესების შემოღებას უკავშირებს:

ჩვენ მაქსიმალურად მშვიდი, ფინანსურად სტაბილური გარემო უნდა უზრუნველვყოთ და აჟიოტაჟის და პანიკის ნიშნები არ უნდა გადაიზარდოს სპეკულაციაში...
ლევან კალანდაძე

„ჩვენ მცირე ზომის ეკონომიკის ქვეყანა ვართ, იმპორტსა და ვალუტის შემოდინებაზე დამოკიდებული, ფასებიც კი იმის მიხედვით დგინდება, თუ რა არის დოლარის გაცვლითი კურსი. ეკონომიკური აგენტები კი გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე ცდილობენ ის ქმედებები, რაც გარკვეული პერიოდის მერე ჰქონდათ დაგეგმილი, დღესვე განახორციელონ. მაგალითად, თუ ვიღაცას საყიდელი ჰქონდა დოლარი მთელი თვის განმავლობაში, ის ერთ დღეს ყიდულობს მთელ ამ ვალუტას. ეს, ცხადია, გავლენას ახდენს ლარის სტაბილურობაზე“.

ე. წ. "გალარების" პროცესის დაანონსებას უკავშირებს ლარის კურსის რყევას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ბესო ნამჩავაძეც. მისი თქმით, ბანკებს ამ სიახლემ გარკვეული საფრთხე შეუქმნა და მათ, ცხადია, თავიდანვე დაიჭირეს თადარიგი დოლარის მოსამარაგებლად. იმავე გზას მიმართეს იმპორტიორებმაც.

ეკონომიკის საკითხებში კიდევ ერთი ექსპერტი კი, ლევან კალანდაძე, ფიქრობს, რომ ასეთ დროს ეროვნული ბანკი მაქსიმალურად მზად უნდა იყოს თავისი მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებისათვის:

„ჩვენ მაქსიმალურად მშვიდი, ფინანსურად სტაბილური გარემო უნდა უზრუნველვყოთ და აჟიოტაჟის და პანიკის ნიშნები არ უნდა გადაიზარდოს სპეკულაციაში“.

2 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია უცხოური ვალუტით გაცემული სესხების "გალარების" ერთჯერად სოციალურ პროგრამაზე, რომლის ამოქმედებასაც გეგმავს. ეს ერთჯერადი სოციალური პროგრამაა და მიზნად ისახავს, დაეხმაროს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც, უძრავი ქონებით უზრუნველყოფით, უცხოური ვალუტით აღებული აქვთ სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე. მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების "გალარების" ხარჯების სუბსიდირებას, ხოლო ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის "გალარებისთვის" საჭირო აშშ დოლარს. სესხების "გალარება" ნებაყოფლობითი პროცესია. ეს თარიღი იმიტომ შეირჩა, ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში, რომ, არსებული გათვლებით, ყველაზე მეტად ეს დოლარის კურსის ზრდა შეეხო 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებს.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში წერია ასევე, რომ ე.წ. "გალარების" პროგრამა გაცვლით კურსსა და ბანკების სავალუტო პოზიციაზე გავლენას არ მოახდენს, რადგან ამ ოპერაციით ლარის მასა ეკონომიკაში არ შეიცვლება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG