Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში მუსლიმი ქალი დაასახელეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად


რუმინეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მუსლიმი ქალი, სევილ სეიდეჰი დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ლივიუ დრაგნეამ, 21 დეკემბერს განაცხადა, რომ სეიდეჰი იქნება მისი პარტიის კანდიდატი რუმინეთის მთავრობის მეთაურის პოსტზე. 52 წლის სეიდეჰი, თუ მის კანდიდატურას პრეზიდენტი და პარლამენტი დაამტკიცებენ, იქნება პირველი ქალი და პირველი მუსლიმი პრემიერ-მინისტრი რუმინეთში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას ქრისტიანები შეადგენენ, მუსლიმებზე კი მოსახლეობის სულ 1% მოდის. 2015 წელს სეიდეჰი რუმინეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. რუმინეთში 11 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა დაიწყო პარტიებთან კონსულტაციები და, სავარაუდოდ, პარასკევს დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და მის ტრადიციულ მოკავშირეს, პარტია „ალდეს“, ახალ პარლამენტში უმრავლესობა აქვთ, რაც სავარაუდოს ხდის საკანონმდებლო ორგანოში მათი მთავრობის მხარდაჭერას. სოციალ-დემოკრატების ლიდერი, ლივიუ დრაგნეა, რომელსაც წაყენებული აქვს კენჭისყრის გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდება, ამბობს, რომ ვერ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს "უსამართლო ბრალდებებისა" და "კონსტიტუციასთან სრულიად შეუსაბამო კანონის" გამო.

XS
SM
MD
LG