Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ძებნა გამოცხადდა ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ პირზე


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, თომას დე მეზიეს განცხადებით, მთელ ევროპაში ეძებენ ტუნისელ მამაკაცს, რომელიც ეჭვმიტანილია ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობაში. ვარაუდობენ, რომ ის იჯდა საჭესთან სატვირთო მანქანაში, რომელიც 19 დეკემბერს საშობაო ბაზრობაზე ხალხში შეიჭრა, მოკლა 12 და დაჭრა 50-მდე ადამიანი. როგორც გერმანელმა მინისტრმა 21 დეკემბერს აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილი შეიარაღებულია და სახიფათოა. მოგვიანებით გავრცელდა ეჭვმიტანილის ფოტო და დასახელდა ვინაობაც: ეს არის 24 წლის ანის ამრი. მედიაში გავრცელებული ცნობით, ამრი შარშან ჩავიდა გერმანიაში თავშესაფრის თხოვნით. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, სადაც ეჭვმიტანილი ცხოვრობდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, რალფ იეგერმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილმა უარი მიიღო გერმანიაში თავშესაფარზე და აგვისტოში ტუნისში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ საამისოდ საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდა. ამავე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი უცნობი არ იყო გერმანიის კონტრტერორისტული უწყებისათვის: მასთან დაკავშირებული ინფორმაცია გასულ თვეში განიხილეს. ბერლინში 19 დეკემბერს მოწყობილ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

XS
SM
MD
LG