Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო


24 დეკემბერს გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა. კომისიამ, რომელშიც ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები შედიან, კონსტიტუციის გადასინჯვაზე უნდა იმუშაოს. პირველ შეხვედრაზე კომისია საორგანიზაციო საკითხებს განიხილავს.

საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო
please wait

No media source currently available

0:00 0:02:59 0:00
გადმოწერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, საკონსტიტუციო კომისიაში 73 წევრია, მათ შორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. მათ კონსტიტუციის გადასინჯვაზე უნდა იმუშაონ. კომისიის ერთ-ერთი წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, იმ ძირეულ ცვლილებებზე ლაპარაკობს, რომლებიც, მისი აზრით, ქვეყნის მთავარ კანონში უნდა შევიდეს:

ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე

„პირველ რიგში, უნდა გაიმართოს ხელისუფლების გადანაწილების სისტემა იმგვარად, რომ პარლამენტის უფლებამოსილებები გაძლიერდეს და ძალაუფლებისგან განიტვირთოს მთავრობის კაბინეტი. რეგიონები გამოიკვეთოს კონსტიტუციაში და უნდა გადაიდგას ნაბიჯები სასამართლო დამოუკიდებლობის და ძალაუფლების გაზრდის თვალსაზრისით“.

საკონსტიტუციო კომისიის წევრების სიაში შედიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თუმცა ისინი პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. კომისიის სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობაში მოგვიანებით მაინც ჩაერთვება.

კომისიის მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო კომისიის მიზნებზე ილაპარაკა:

„გამოვიყენოთ ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ მოგვეცა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გვქონდეს ის კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებს დროს და რომელიც ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ გახდება ხელახლა დისკუსიის, განხილვისა და კრიტიკის საგანი“.

ძველი საკონსტიტუციო კომისიისგან განსხვავებით, ახალ კომისიაში შედიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებიც. პირველ სხდომაზე აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია წინადადებით მივიდა:

გამოვიყენოთ ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ მოგვეცა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გვქონდეს ის კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებს დროს და რომელიც ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ გახდება ხელახლა დისკუსიის, განხილვისა და კრიტიკის საგანი...
თამარ ჩუგოშვილი

„ვითხოვთ, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილებები და აუდიტის სამსახურს მიენიჭოს მანდატი, სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როდესაც ირღვევა აუდიტის სამსახურის უფლებები - მაგალითად, ირღვევა რაიმე კანონი, რომელიც ზღუდავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატს“.

გარდა ამისა, ლაშა თორდია ითხოვს, სახელმწიფო აუდიტის შესახებ კანონი გახდეს ორგანული, რათა მისი შეცვლა ადვილი არ იყოს; ასევე, აუდიტის სამსახურს მიენიჭოს საგადასახადო შემოსავლების შემოწმების უფლება.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ლაპარაკობს მთავარ საკითხზე, რომელიც, მისი აზრით, კომისიის მამოძრავებელი უნდა გახდეს:

„რომ კონსტიტუცია იქცეს ისეთ დოკუმენტად, რომელიც არა მხოლოდ ელიტის, არამედ საზოგადოების ფართო ფენებს მისცემს ინსტიტუციონალურ პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობას, ანუ კონსტიტუციით ძალაუფლება უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა „ყველაზე ძლიერების, ყველაზე დიდების, ყველაზე კარგად დაფინანსებულების საქმე“.

24 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო კომისია 4 სამუშაო ჯგუფად დაიყოფა, რომლებიც საკონსტიტიტუციო ცვლილებებზე სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG