Accessibility links

დეკემბრის ბოლომდე, ანუ მომდევნო რამდენიმე დღეში, შეუდგება მუშაობას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და მომავალი წლის აპრილამდე შეიმუშავებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლის განხილვაც უკვე კომისიის ფარგლებს გასცდება და დაიწყება როგორც სახალხო განხილვები, ისე საპარლამენტო მოსმენები. თუმცა მანამდე ვნებათაღელვის საგნადაა ქცეული კომისიის შემადგენლობის საკითხი, უფრო ზუსტად კი, კომისიის საქმიანობაში საქართველოს პრეზიდენტის ან მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლის ჩართვა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა, ამის მიზეზი კი 13 დეკემბერს კიდევ ერთხელ განმარტა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ. მისი თქმით, კომისია უნდა იქმნებოდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და კონსულტაციების საფუძველზე, რაც, სამწუხაროდ, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი შეთავაზებისა, არ შედგა. ეკა მიშველაძე საუბრობს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობაზე და დასძენს, რომ სწორედ ამ პროცესის მაქსიმალურად გააქტიურებას და ამუშავებას შეუწყობს ხელს საქართველოს პრეზიდენტი:

„ქართულ კონსტიტუციონალიზმს აქვს კონსტიტუციის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგების სამწუხარო ტრადიცია, რისი თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების სრულად ამუშავებაა. ჩვენ არ ვქმნით არანაირ ალტერნატიულ კომისიას, მაგრამ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ საკონსტიტუციო ცვლილებებში ხალხისა და საზოგადოების ჩართულობას და უზრუნველვყოფთ იმას, რომ პარლამენტამდე მივიდეს ხალხის ხმა“.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, კომისიის შემადგენლობაში შევლენ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე, კონსტიტუციური ორგანოს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის უარი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ასე ფიქრობს გია ვოლსკიც:

„ის, რომ მოწვეული სპეციალისტები, არასაპარლამენტო პარტიები იქნებიან ამ პროცესში ჩართულები და ამას ყველაფერს უხელმძღვანელებს პარლამენტი, ამაში არათუ საწყენი არ უნდა იყოს არაფერი, არამედ, პირიქით, ვისაც შეუძლია და, მათ შორის, პრეზიდენტის მხრიდან უნდა იყოს სრული მხარდაჭერა და ეს იქნება ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. დანარჩენი ყველანაირი გადაწყვეტილება არის ის, რაც უპირისპირდება სახელმწიფოს ინტერესს“.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ დროა დასრულდეს მხარეებს შორის კინკლაობა. მათ შორისაა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი. ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას არ იწონებს:

"საბავშვო ბაღი ხომ არ არის, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მუდმივი კინკლაობა იყოს? საჭიროა ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში ვმართოთ, რაც ეხება პრეზიდენტსაც, პრემიერსაც და პარლამენტსაც. კინკლაობას თავი უნდა დავანებოთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალება ჰქონდა ამ ფორმატში მონაწილეობა მიეღო. ცუდია, თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, მაგრამ კარგია, რომ სახალხო განხილვის თემად იქცეს ყველა ის საკითხი, რაც კომისიაზე გავა. ხალხი და საზოგადოება ამაში ჩართული უნდა იყოს. ეს ერთი-ორი ექსპერტის და ერთი პარტიის დონეზე არ უნდა გადაწყდეს".

რაც შეეხება კომისიის მუშაობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობას, ისინი ამ პროცესში მონაწილეობის აუცილებლობაზე მიუთითებენ. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტის შემუშავებაზე ლაპარაკობს:

„შევქმნათ ისეთივე ფართო საკონსტიტუციო კომისია, როგორი წესითაც მიღებული იქნა თავის დროზე კონსტიტუციები დემოკრატიულ ქვეყნებში და მოვამზადოთ კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი და, ბოლოს, როდესაც გაზაფხულზე დაიწყება საყოველთაო სახალხო განხილვების პროცედურა, ჩვენ დავიწყოთ ალტერნატიული საყოველთაო სახალხო განხილვის პროცედურა, რომელიც უნდა გადაიზარდოს საყოველთაო სახალხო პროტესტში, რომლის ძირითადი მოთხოვნა უნდა იყოს, რომ რეფერენდუმზე დადგეს ორი კონსტიტუციური პროექტი“.

ვახტანგ ძაბირაძე
ვახტანგ ძაბირაძე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე წინა ხელისუფლების პერიოდში იყო ერთ-ერთი წევრი საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიისა, იმ კომისიისა, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პარალელურად მუშაობდა საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ პროექტზე. მისი თქმით, 1995 წლიდან მოყოლებული, კონსტიტუციაში არაერთი ცვლილებაა შესული და ამ ცვლილებებზე, როგორც წესი, მუშაობდა სპეციალური ჯგუფი ან კომისია. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ლოგიკურია, რომ საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის ეგიდით იქმნება და, ამასთანავე, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ თქვა პრეზიდენტმა უარი საკონსტიტუციო კომიის მუშაობაში ჩართვაზე:

„თუ არ იქნება პრეზიდენტი ჩართული ამ კომისიაში, არც ეს მგონია დიდი უბედურება. უბრალოდ, ჯობდა ყოფილიყო ჩართული. ეს არის წმინდა სამუშაო პროცესი, არანაირი ლეგიტიმაცია და ა.შ. ამ კომისიას არ სჭირდება, რადგან კომისია ქმნის კანონპროექტს, რომელიც შემდეგ უნდა გავიდეს სახალხო განხილვაზე და ამის შემდეგ ბრუნდება პარლამენტში და იწყება საპარლამენტო განხლვები. აქ უკვე უნდა ჩაერთოს ვენეციის კომისია. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო ჯგუფი, არც მეტი და არც ნაკლები. რატომ გამოიწვია ამან ასეთი აჟიოტაჟი, ცოტა არ მესმის“.

რაც შეეხება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიზანს, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, კომისიის მიზანია კონსტიტუციის გადასინჯვის იმგვარი კანონპროექტის შემუშავება, რომლის მიღება უზრუნველყოფს კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG