Accessibility links

15 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას 96 ხმით დაუჭირა მხარი, კომისიის დებულების დამტკიცების შემდეგ კი ნაწილობრივ უკვე ამოქმედდა ის რეგულაციები, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, მოქმედი კონსტიტუციის გადახედვა და მისი ახალი რედაქციით მომზადება უნდა უზრუნველყოს. უკვე ამოქმედებულ რეგულაციებშია, მაგალითად, ის, რომ კომისიის სუბიექტებმა კომისიის წევრობის კანდიდატები პარლამენტის თავმჯდომარეს დებულების ამოქმედებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარუდგინონ. დროის ათვლა დაწყებულია, კომისიის წევრობის კანდიდატი სუბიექტების ნაწილი კი კვლავაც არ გამორიცხავს, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვას და მას ბოიკოტი გამოუცხადოს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა, დებულების კიდევ ერთი რეგულაციის თანახმად, წელსვე უახლოესი თხუთმეტი დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს. კომისიაში მისი თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, განმარტებით, სავარაუდოდ, 60-65 წევრი შევა. კომისიის შემადგენლობაში პარლამენტიდან იქნებიან საპარლამენტო უმრავლესობის 23, „ნაციონალური მოძრაობის“ 8 და „პატრიოტთა ალიანსის“ 2 წევრი. კომისიის შემადგენლობაში შევა იმ პარტიებისა და ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წევრი, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტი მაინც -ასეთი კი სულ 4 სუბიექტია. შესაბამისად, მათ 4 ადგილი ერგებათ. კომისიაში ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა რაოდენობას პარლამენტის თავმჯდომარე განსაზღვრავს. სახელმწიფო ორგანოებიდან კომისიაში შევა მთავრობის ორი წარმომადგენელი, შევლენ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სხვა. რაც შეეხება თავად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, კომისიაში, დებულების თანახმად, პირადად პრეზიდენტი არ შედის, თუმცა კომისიის წევრობა შეუძლია მისი ადმინისტრაციის უფროსს, მის საპარლამენტო მდივანს და უშიშროების საბჭოს მდივანს. ამ უკანასკნელმა, დავით რაქვიაშვილმა, 15 დეკემბერს განაცხადა, რომ უერთდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბოიკოტს და, შესაბამისად, არც ის მიიღებს კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.

აღნიშნული საკონსტიტუციო კომისიის უფლებამოსილების განსაზღვრა 4 თვით ნიშნავს პირადად ჩემთვის იმას, რომ თავიდან ბოლომდე ფორმალური არის აღნიშნული საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, იქ არსებული ძალთა ბალანსიდან გამომდინარე...
ალიკა კუპრავა

ის, რომ პრეზიდენტი ბოიკოტის რეჟიმში რჩება, 16 დეკემბერს დაადასტურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, რომელიც თავის კომენტარში გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატზე შეთავაზებული წინადადება კონსულტაციებისთვის სივრცეს არ ტოვებდა და ულტიმატუმივით ჟღერდაო. იგულისხმება პრეზიდენტის ინიციატივა, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად დაფუძნებულიყო სამუშაო ჯგუფი, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით.

“მე შეგახსენებთ, იმისათვის რომ ჩვენ ვიყოთ მართლები, უნდა ვისაუბროთ ფაქტებზე დაყრდნობით. ფაქტი არის ის, რომ 19 ოქტომბერს, რამდენიმე თვის წინ პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დასვა საკითხი მზაობისა, რომ ემსჯელა პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასა და საქმიანობის წესთან დაკავშირებით“, განაცხადა ანა დოლიძემ, რომელიც ხელისუფლებას ურჩევს ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე იზრუნოს.

თავის მხრივ, შექმნილ რეალობაში საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის ფორმალური ხასიათის რისკებზე ამახვილებს ყურადღებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი ალიკა კუპრავა, რომელიც ამბობს, რომ, ზოგადად, საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის სამართლებრივი ვალდებულება არა აქვს:

“აი, ეს ვალდებულება არის უფრო პოლიტიკური ვალდებულება იმისათვის, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტის ცვლილება-დამატებების შეტანის პროცესში, მაგრამ აღნიშნული საკონსტიტუციო კომისიის უფლებამოსილების განსაზღვრა 4 თვით ნიშნავს პირადად ჩემთვის იმას, რომ თავიდან ბოლომდე ფორმალური არის აღნიშნული საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, იქ არსებული ძალთა ბალანსიდან გამომდინარე“.

ამ მოცემულობას ალიკა კუპრავა ამატებს, ასევე, საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობის ფაქტს. არსებულ რეალობას ითვალისწინებს ლეიბორისტული პარტია, რომელიც, მისი ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას, თქმით, მზადაა მაინც ისარგებლოს თავისი კუთვნილი ერთკაციანი კვოტით და შეეცადოს გავლენა მოახდინოს პროცესებზე:

“მას შემდეგ, რაც ბატონმა ივანიშვილმა, ამ ქვეყნის მმართველმა, არჩევნების ტოტალური გაყალბების გზით გაიფორმა საკონსტიტუციო უმრავლესობა, გადაწყვიტა ის ცვლილებები შეიტანოს კონსტიტუციაში, რომელიც შედის მის პირად ინტერესებში, და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მან ვერ გაიტანოს, ვერ შეძლოს ცვლილებების გატანა, რომელიც, პირველ რიგში, ითვალისწინებს შემდეგს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აქ გაუქმდეს, პირდაპირი არჩევნები, მას არ სჭირდება ლეგიტიმური პერსონა, რომელმაც შეიძლება მას პრობლემა შეუქმნას, მას სჭირდება მარიონეტები, რომლებიც უსიტყვოდ შეასრულებენ მის, ასე ვთქვათ, მოთხოვნებს“.

ნინო გოგუაძე
ნინო გოგუაძე

საკონსტიტუციო ცვლილებების სამიზნედ, პირველ რიგში, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შეცვლას მიიჩნევენ, ასევე, თავისუფალი დემოკრატები, რომლებმაც, მისი ერთ-ერთი ლიდერის, ნინო გოგუაძის, თანახმად, ასევე მიიღეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიაში თავისი წარმომადგენელი წარადგინონ:

“მივიღებთ აუცილებლად მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიაში, იმიტომ რომ არ დავუშვათ პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის წესი, განვსაზღვროთ პროკურატურის ადგილი დღევანდელ კონსტიტუციაში, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ პროკურატურა არის პოლიტიზებული, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო, დღესაც ასეა, და ბევრი სხვა საკითხი გვაქვს. თან გვაინტერესებს, როგორ მექანიზმს შემოგვთავაზებს „ქართული ოცნება“, როგორ მექანიზმს, რომ დაიცვას მისგან განსხვავებული ადამიანების მოსაზრებები და როგორ წარიმართება ეს პროცესი“.

ნინო გოგუაძე ამბობს, რომ თავისუფალი დემოკრატები საკონსტიტუციო კომისიაში არ აპირებენ ანტურაჟის ფუნქციის შესრულებას, მათი შემდგომი მოქმედებები კი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ იმუშავებს კომისია.

კომისია კი, დადგენილების თანახმად, - 4, 15-20-წევრიანი, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, - ისეთ საკითხებზე იმუშავებს, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობა, პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის, პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხები. კომისიის საქმიანობაში ყველა კვალიფიციური სუბიექტის ჩართვაზე უარყოფითი პასუხის მიუხედავად, ოპოზიციურ საპარლამენტო ფლანგზე გაჩნდა მოსაზრებაც, რომ სახელმწიფო კომისიის პარალელურად მუშაობას შეუდგეს ალტერნატიული საკონსტიტუციო კომისია და, საბოლოოდ, განსახილველად პარლამენტს ცვლილებების ორი პროექტი წარედგინოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG